15 ნოემბერი 2018,   02:53
ვრცლად
ცივილიზებულ სახელმწიფოებში სამხედროები გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას - ბარამიძე მმართველი გუნდის ინიციატივას აკრიტიკებს

„ეს აბსოლუტური ნონსენსია,“- ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბარამიძე მმართველი გუნდის ინიციატივას, რომ ყოფილ ჯარისკაცებს სამხედრო ფორმაში პოლიტიკური განცხადების გაკეთება და აქტივობა შესაძლოა აეკრძალოთ.

ოპოზიციის წარმომადგენლის თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ გენერლის მიმართვა, რომ არ შეიძლება ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს, მიუღებელი აღმოჩნდა.

გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს, სამხედროებს აზრის გამოხატვაში ხელი შეუშალოს.

„მას შემდეგ, რაც მებრძოლმა გენერალმა, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურებები აქვს თავისი ქვეყნის წინაშე და ბევრმა სხვა სამხედრომ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არ შეიძლება მოღალატეს მისცენ ხმა, ეს ძალიან მოხვდა „ქართულ ოცნებას“ და სურთ, რომ ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილს, ვინც არიან ნამდვილად სამხედროები, რადგან მათი პროფესიაა სამშობლოს დაცვა, აუკრძალონ სამხედრო ფორმით თავისი აზრის გამოთქმა. ეს აბსოლუტური ნონსენსია. ცივილიზებულ სახელმწიფოებში სამხედროები გამოთქვამენ თავიანთ პოზიციას, მით უმეტეს თავის სამშობლოსთან მიმართებაში, პრეზიდენტთან და სამხედრო ძალების მთავარსარდალთან მიმართებაში. ბუნებრივია, ეს მათი უფლებაა,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები