19 აპრილი 2024,   12:33
ვრცლად
"ქართული ოცნების“ კოორდინატორმა Facebook-ზე განათავსა სურათი, სადაც უტიფრად მითითებულია დალუქული საარჩევნო სიებიდან ასლები - ზოდელავა

გაერთიანებული ოპოზიცია საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოს ასაჯაროებს, რომელიც ფოთში „ქართული ოცნების“ კოორდინატორმა გაავრცელა.

ოპოზიციის მტკიცებით, ფოტოზე ჩანს, რომ კოორდინატორი, ირინა ჩიქობავა სამაგიდო სიაზე მუშაობს, რომელიც არჩევნების დღესვე ილუქება და მასთან წვდომა მხოლოდ ცესკო-ს მაღალი თანამდებობის პირებს აქვთ.

მურთაზ ზოდელავას აინტერესებს, საიდან აღმოჩნდა აღნიშნული სია მმართველი პარტიის კოორდინატორის ხელში.

ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულია და საგამოძიებო უწყებებს დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„ეს არის "ქართული ოცნების“ კოორდინატორი ირინა ჩიქობავა, რომელმაც Facebook-გვერდზე განათავსა სურათი, სადაც უტიფრად არის მითითებული დალუქული საარჩევნო სიებიდან ასლები. ფოთში მოხდა იგივე, რაც მოხდა კრწანისში. სუს-მა და ამაში დიდი ალბათობით, ურევია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, სალომე როდონაია, მისი ნებართვის ეს ვერ მოხდებოდა. აქაც უტიფრად გახსნეს საარჩევნო ყუთი, დალუქული საარჩევნო სიები. ეს ხდება იმისთვის, რომ მოხდეს გაყალბება,“- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

„ქართული ოცნების“ ფოთის საარჩევნო შტაბში ამბობენ, რომ კოორდინატორებს სამაგიდო სიებზე წვდომა არ აქვთ, მათ მხოლოდ წევრების სიები აქვთ. შტაბის წარმომადგენლის, ნიკა კორშიას თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, არჩევნების მეორე ტურის წინ მმართველ გუნდს ჩირქი მოსცხოს.

დღის ამბები