25 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
შვილმოკლული მამებისთვის ნათქვამი მერიის უარი აქციის გამართვასთან დაკავშირებით - ომბუდსმენი მერიის გადაწყვეტილებას უკანონოდ აფასებს

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილისთვის კონსტიტუციური უფლების მოსალოდნელ შეზღუდვას სახალხო დამცველი საგანგებო განცხადებით ეხმაურება.

საქმე ეხება თბილისის მერიის წერილს, რომლის მიხედვით, საახალწლო სამზადისის გამო, შვილმოკლულ მამებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ. ეს მაშინ, როცა ზაზა სარალიძეს უკვე გაგზავნილი ჰქონდა მერიაში შეტყობინება, რომ აქციას 31 დეკემბრამდე განაგრძობდნენ.

ნინო ლომჯარია მის განცხადებაში მიუთითებს, რომ აქციის გამართვის აკრძალვის ის მიზეზი, რომელსაც მერია ასახელებს, უკანონოა. 

„თბილისის მერიის მიერ მითითებული საფუძვლით შეკრების თავისუფლებაში ჩარევას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. საგულისხმოა, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარლამენტის შენობის წინ 2018 წლის გაზაფხულიდან მიმდინარეობს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, სახალხო დამცველი არაერთხელ გამოეხმაურა შემთხვევებს, როდესაც აქციის მონაწილეებს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან ხელი ეშლებოდათ კარვის განთავსებაში, რაც შეკრების უფლებაში ჩარევად შეაფასა. სახალხო დამცველმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წარადგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში; ასევე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.
შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება ჯანსაღი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესის შემადგენელი ნაწილია, ხოლო მსგავსი უფლებით სრულფასოვანი სარგებლობის შესაძლებლობა განსაზღვრავს ქვეყნის დემოკრატიულობისა და საზოგადოების ღიაობის ხარისხს. ამდენად, სახალხო დამცველი მოუწოდებს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აქციის მონაწილეების მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე შეკრების გაგრძელების სურვილის შემთხვევაში, ხელოვნური და კანონშეუსაბამო არგუმენტებით არ შეუშალონ ხელი ზემოხსენებული კონსტიტუციური უფლების რეალიზებას,”  - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

დღის ამბები