კარვებით ვიცავთ თავისუფლებას! - ამ სახელწოდებით ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე საღამოს 20:00 საათზე დაიწყება.
დღეს ზუსტად 2 თვე გავიდა იმ დღიდან, რაც შვილმოკლულმა მამებმა მკვლელების დასჯის მოთხოვნით, მშვიდობიანი პროტესტი დაიწყეს.
მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის, თქმით, აქციის მონაწილეები კარვების დადგმაში შესაძლოა, დაეხმარონ. სარალიძის განცხადებით, ძალოვანი უწყება მას კარვის დადგმის უფლებას არაკანონიერად უკრძალავს.
„არანაირი კანონით არა აქვთ არც კარვების აკრძალვის უფლება, მით უმეტეს იქ დგომის აკრძალვის უფლება არა აქვთ. მაგრამ ეს არის ვიღაცის ხუშტურები. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის პირდაპირ, როგორც ვატყობ უკვე, ივანიშვილის ხუშტურები, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას. დასაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები, დასაჯონ საქმის ყველა გამყალბებლები და ხელის მფარველები, ერთი წამითაც არ გავჩერდებით იქ,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
2 თვეა, პოლიცია შვილმოკლულ მამებს რუსთაველის გამზირზე კარვების გაშლის უფლებას არ აძლევს. გუშინ კი მერიამ მათ წერილი გაუგზავნა და გააფრთხილა, რომ 7 დეკემბრიდან ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს ღია ცის ქვეშ პროტესტიც ეკრძალებათ, რადგან ხელისუფლებამ საახალწლო სამზადისი უნდა დაიწყოს და პარლამენტის შენობის წინ ნაძვის ხე უნდა დადგას.