სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდეომასალებს, რომლებიც საზღვარგარეთ არჩევნებისთვის მოქალაქეების აღრიცხვის შეფერხებას ეხება, საგარეო საქმეთა სამინისტროში "სიცრუეს" უწოდებენ.
მინისტრის მოადგილის, ხათუნა თოთლაძის, თქმით, ასეთი ინფორმაციის გავრცელება გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს უკავშირდება და ამის მიზანი საკონსულოებისა და საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციაა.
სამინისტროში აცხადებენ, რომ საზღვარგარეთ მოქალაქეების რეგისტრაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს და არჩევნებისთვის უკვე 4 ათასი მოქალაქე დარეგისტრირდა.
„ბოლო პერიოდში აქტიური ხასიათი მიიღო სოციალურ ქსელებში ცალკეული პირების მხრიდან ცრუ ინფორმაციის, კომენტარების, ვიდეომასალების გავრცელებამ, რომელშიც ცალკეული მოქალაქეები საუბრობენ, თითქოსდა, საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესის და არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელოვნურ შეზღუდვაზე. მსგავსი ინფორმაციის მომრავლება ატარებს ერთგვარ ტენდენციურ ხასიათს და აშკარაა, რომ გარკვეული პირები შეგნებულად ცდილობენ საკონსულო დაწესებულებების და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართული კამპანიის წარმოებას,“ - განაცხადა თოთლაძემ.