20 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
შვილმოკლული მშობლების ხარდამჭერ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან

ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას არასამთავრობო ორგანიზაციები უერთდებიან. მესამე სექტორის წარმომადგენლები თავად შეეცდებიან პარლამენტთან კარვის გაშლას.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ შვილმოკლულ მამებს კარვის გაშლის სრული უფლება აქვთ, რადგან ისინი საავტომობილო გზის გადაკეტვას არ გეგმავენ.

საია-ს თავმჯდომარე, სულხან სალაძე, განმარტავს, რომ სარალიძეს და მაჩალიკაშვილს კარვის გაშლისთვის რაიმე სახის სპეციალური თანხმობა არ სჭირდებათ.

„როდესაც საუბარია კარავის გაშლაზე და ამ კარავის გაშლას ადამიანები ფიქრობენ არა ისეთ ადგილზე, სადაც ავტოსატრანსპორტო ნაკადის გადაადგილება ხდება, არამედ ტროტუარზე ან ზოგადად, საავტომობილო გზიდან დაშორებით, მათ აქვთ ამის სრული უფლება. შესაბამისად, ამას არანაირი ნებართვა ან სხვა ტიპის სასამართლოს თანხმობა ან რაიმე ტიპის გადაწყვეტილება არ სჭირდება,“ - განაცხადა სალაძემ.

სულხან სალაძე განმარტავს, თუ რატომ უერთდებიან დღეს სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციას. სალაძის თქმით, სოლიდარობის გამოცხადებასთან ერთად სურთ, აჩვენონ ყველას, რომ პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს.

„ჩვენ გვინდა, რომ ერთი მხრივ, სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ ადამიანებს ამ აქციით, მეორე მხრივ, ვისაუბროთ იმ კონსტიტუციურ უფლებაზე, რომლითაც ყველას შეუძლია, რომ სარგებლობდეს ამ ქვეყანაში,“ - აღნიშნა სულხან სალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციის კონსტიტუციის 42-ე მუხლი აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კაციტაძე, აღნიშნავს, რომ კარვის გაშლაზე ხელის შეშლის გამო შსს უკვე მეორე თვეა, კანონს არღვევს.

„ჩვენ გვინდა, რომ ამ აქციით კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ აქციის მშვიდობიან მონაწილეებს აქვთ სრული უფლება საქართველოს კანონმდებლობით გაშალონ კარავი ან მსგავსი კონსტრუქცია აქციის მიმდინარეობისას და სამწუხაროდ, უკვე არაერთი თვეა შსს უხეშად არღვევს კანონს,“ - განაცხადა კაციტაძემ.

კაციტაძე თბილისის მერიის მიერ შვილმოკლული მშობლების მიმართ მიწერილი წერილსაც ეხმაურება, რომლის მიხედვითაც  საახალწლო სამზადისის გამო, შვილმოკლულ მამებს ტერიტორიის დატოვებას სთხოვენ.

„გუშინ გაკეთებული განცხადებები თვითმმართველობის მხრიდან, რომ საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით მოეთხოვათ, დაეტოვებინათ აქციის ტერიტორია, ესეც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს,“ - განაცხადა ნათია კაციტაძემ.

დღეს პარლამენტის წინ შვილმოკლული მშობლების სოლიდარობის აქცია 20:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები