19 აპრილი 2024,   06:24
ვრცლად
"მუსლიმთა კავშირის" უმაღლესი სამმართველოს უფროსი მეოთხე დღეა, დაკავებულია - მესამე სექტორი საგარეო უწყებას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

საქართველოს მუსლიმთა კავშირის უმაღლესი სამმართველოს უფროსის, მირტაგი ასადოვის, დაკავების ფაქტს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ეხმაურებიან. ასადოვი უკვე მეოთხე დღეა, დაკავებულია.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე, ნონა ქურდოვანიძე, ამბობს, რომ ასადოვის დაკავებასთან დაკავშირებით მათთვის ბევრი დეტალია უცნობი. ასევე, ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ ასადოვს ადვოკატთან შეხვედრის შესაძლებლობა არ მისცეს.

„მის დაკავებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მწირი ინფორმაცია გვაქვს. მხოლოდ ის ინფორმაცია გვაქვს, რომ ის იქ იმყოფება ამჟამად თავისუფლება შეზღუდული. ჩვენთვისაც იგივე ინფორმაცია არის ცნობილი, რომ მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედროდა ადვოკატს. გაურკვეველია, რა სტატუსით არის დაკავებული,“ - განაცხადა ქურდოვანიძე.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სტრატეგიული სამართალწარმოების იურისტი, თეონა ფირანიშვილი, ამბობს, რომ ასადოვის დაკავების შესახებ საქმის კურსში არის შსს, საგარეო უწყება და ასევე, სახალხო დამცველის აპარატი. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, რას ედავებიან მირტაგი ასადოვს.

„ოჯახის სახელით მივმართეთ შსს-ს ოფიციალური წერილით და ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველის აპარატიც არის ამის შესახებ ინფორმირებული და ველოდებით, რომ დაზუსტდეს დეტალები, რა ბრალი აქვს წაყენებული და საერთოდ, რა გარემოებებში დააკავეს, იქ რა მდგომარეობ6აშია, როგორ არის მისი უფლებები დაცული, ოჯახსაც აქვს რაღაც შიშები, რომ შეიძლება, მისი დაკავება უკავშირდებოდეს მის აქტიურ საქმიანობას საქართველოში. როგორც იცით, ის გამოირჩევა კრიტიკული პოზიციებით რელიგიური პოლიტიკის მიმართ საქართველოში,“ - განაცხადა თეონა ფირანიშვილმა.

ასადოვი ბოლოს 4 დღის წინ ნახეს, როცა ის აზერბაიჯანში ოჯახის მოსანახულებლად მიდიოდა, თუმცა, საზღვრის გადაკვეთისთანავე ის სამართალდამცველებმა აიყვანეს.

მირტაგი ასადოვის ოჯახი მისი დაკავების მიზეზების გარკვევას ცდილობს. ოჯახი მისთვის თავისუფლების აღკვეთას ასადოვის საქმიანობას უკავშირებს.

ასადოვი ამ მომენტისთვის გადაყვანილია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაში, ქალაქ ბაქოში.

დღის ამბები