19 აპრილი 2024,   22:26
ვრცლად
"9 აპრილს ნიჩბებით არავინ დაუჩეხავთ, იქ ხალხი ასფიქსიით გარდაიცვალა" - იური მეჩითოვის სკანდალური განცხადება

"9 აპრილს ნიჩბებით არავინ დაუჩეხავთ, იქ ხალხი ასფიქსიით გარდაიცვალა," - ამ განცახდების ავტორი ფოტოგრაფი იური მეჩითოვია, რომელსაც ქართული ოცნების  ხელისუფლებაში კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა.

ინტერვიუ მეჩითოვმა ალ ჯაზირას მისცა.

ფილმი, სახლეწოლდებით "საბჭოთა იარა", ტელეკომპანიის ეთერში ცოტა ხნის წინ გავიდა.

იური მეჩითოვის ეს განცხადება სოციალური ქსელით გავრცელდა, რასაც 9 აპრილს დაღუპულების ოჯახის წევრების და მთელი საზოგადეობის პროტესტი მოჰყვა.

თავად იური მეჩითოვი ამ განცხადების შინაარსს ადასტურებს და აცხადებს, რომ 9 აპრილის დროს ნიჩბების ჩარტყმით არავინ გარდაცვლილა და 30 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია აქციის არასწორმა დაშლამ. მისივე თქმით, საბჭოთა ჯარს, რომელმაც აქცია დაარბია, არ ჰქონდა განზრახვა, რომ ვინმე მოეკლა.

„ეს საუბარი ხდებოდა ინგლისურად და მე ზუსტად ვერ ვიტყვი. ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილია ჯერ ერთი. თუ არ არის პირდაპირ მოკლული. მოკლული როცა არის, მაშინაც გარდაცვლილია. მე ვაღიარებ, ვაღიარებ კი არა ეს ტრაგედია ჩემს თვალ წინ მოხდა და ჩემს სურათებშია ის საწყალი დაღუპულები. ეს ხალხი დაიღუპა ასფიქსიით. არის ასეთი მეცნიერული ტერმინი, როცა ჰაერის უკმარისობაა. რომელიც გამოწვეული იყო, ჯერ ერთი,  რომ ერთი მეორეს გადაუარა ხალხმა და მეორე, რა  თქმა უნდა, იმ გაზის გამოყენებით. ეს ხალხი წამოვიდა არა მოსაკლავად ამათი, ამას მე ვამტკიცებ, მოვლა არავის არ უნდოდა. ვიღაცას თუ უნდოდა, ხალხი მომკვდარიყო, ეს შესაძლებელია იმიტომ, რომ ეს მომკვდარი ეს ხალხი საჭირო იყო, როგორც ბერკეტი პოლიტიკური იარაღად გამოსაყენებელი და ყველაგან იყო გამოყენებული მერე. ამ სიკვდილზე არის  პასუხისმგებელი ძალიან ბევრი ადამიანი. პასუხისმგებელია ჩვენი ხელისუფლება, იმ დროინდელი საქართველოს ხელისუფლება. იმ დროინდელი საბჭოთა კავშირის ხელისუფლება. რუსეთი მაშინ არაფერს არ წარმოადგენდა. მაშინ რუსეთი არ იყო საერთოდ რუკაზე. იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლება და იყო ირიბად უკვე ჩვენი, ჩემი გაგებით, ჩვენი  ულტრანაციონალები თუ რაც ერქვათ მათ, ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები, რომლებმაც მე მგონი ითამაშეს ის როლი, რომ გარკვეულწილად... ეს არის კონსპირაციები, მე არ მაქვს დოკუმენტები ხელში, მე მგონი, რომ მათ აწყობდათ ეს შედეგი იმიტომ, რომ დაიწყო გამწვავება. ისმის სიმღერა "შავლეგო", ისმის რაღაცა და ისმის" მამაო ჩვენო", ერეკლე წერეთლის თამადობით და იწყება ეს უბედურება. ანუ, რა ვიცი, მე მგონი, წილი პასუხისმგებლობა ყველას აქვს ამ შემთხვევაში,“ - განაცხადა იური მეჩითოვმა

დღის ამბები