19 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
ვბრუნდები აქციაზე - ზაზა სარალიძემ ინგოროყვას სახელობის კლინიკა დატოვა

„ვბრუნდები აქციაზე, მით უმეტეს, მალხაზი ჩამოსულა, აუცილებლად ვბრუნდები,“ - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ რამდენიმე წუთის წინ საავადმყოფოს დატოვების შემდეგ გააკეთა.

ზაზა სარალიძე ინგოროყვას სახელობის კლინიკაში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დროს გადაიყვანეს, როდესაც ის შეუძლოდ გახდა.

სარალიძე ცუდად მას შემდეგ გახდა, რაც მისი დედა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ზაზა სარალიძის დედა სამართალდამცავებთან დაპირისპირების დროს ცუდად გახდა, რადგან როგორც ელისო კილაძე ამბობს, ის პოლიციელებმა „გადათელეს“.

ზაზა სარალიძე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს.

„ამას მე ამათ არ ვაპატიებ. შვილი მომიკლეს და ახლა დედაჩემის მოკვლა უნდათ. ვაი, ამათ პატრონს... ფაქტობრივად, მთელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჩემი ოჯახის განადგურება და ჯანმრთელობას რომ მივხედო, რაა, ჩემი ოჯახი განადგურდეს და მე ვიყო კარგად?“ - განაცხადა სარალიძემ.

პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. რამდენიმე წუთის წინ პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.

აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს. 

დღის ამბები