„ყველა პოლიციელი, ვინც დღეს ჩვენკენ გამოიწია, არის მკვლელი,“ - ეს განცხადება ზაზა სარალიძემ გააკეთა, რომელმაც ინგოროყვას სახელობის კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა და პარლამენტის წინ მივიდა.
„გავაგრძელებთ ბოლომდე ბრძოლას,“ - განაცხადა სარალიძემ.
ზაზა სარალიძემ თბილისის მერი, კახა კალაძე, გუშინ გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ კანონი არ უკრძალავთ აქციის გამართვას და კარვის გაშლას.
„რა განაცხადიც გააკეთა ბატონმა კალაძემ გუშინ, პირდაპირ ხელისუფლების სახელით იყო, რა თქმა უნდა, ეს განაცხადი, რომ კანონის ძალით გავიყვანთო. რომელი კანონით გვეკრძალება ჩვენ აქ ყოფნა და ამ კარვების გაშლა, ეს არ ვიცი. რა თქმა უნდა, როგორც ხედავთ, ბატონ მერს კანონიც არ აქვს გადახედილი და აზრზე არ არის, კანონმდებლობაში რა წერია. ჩვენ კანონიერი უფლება გაგვაჩნია, მაგრამ დღეს გამოგზავნა ეს ზონდერპოლიციელები ჩვენს დასარბევად,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
პარლამენტის წინ სოლიდარობის აქცია ამ წუთებში მიმდინარეობს. აქციის დაწყებისთანავე პარლამენტთან დაპირისპირება მოხდა აქციის მონაწილეებს და სამართალდამცავებს შორის, რომლებმაც კარვების წაღება სცადეს.
აქციის მიმდინარეობის დროს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ზაზა სარალიძის დედა და შემდეგ ზაზა სარალიძეც შეუძლოდ გახდა და მათი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.
აქციის მონაწილეებმა რამდენიმე კარავის გაშლა მოახერხეს. არასამთავრობო სექტორი გეგმავს, რომ ღამე პარლამენტის წინ გაათენოს.