24 აპრილი 2024,   13:39
ვრცლად
თავდასხმა სამხედროებზე - ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებული მუქარის არ სჯერათ 

სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ მას ყოფილი სამხედროები ემუქრებიან, ოპოზიციისთვის დაუჯერებელია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილს ამ ინფორმაციის გაჟღერება „ქართული ოცნებიდან“ ურჩიეს.

"უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თვით ქალბატონ სალომე ზურაბიშვილსაც ადამიანები ვინც გეგმავს ამ ყველაფერს ქართულ ოცნებაში. კერძოდ, შალვა რამიშვილი, ლაშა ნაცვლიშვილი, გოგა ხაინდრავა და ის ადამიანები, ვინც პროპაგანდით არიან დაკავებულები ქართული ოცნების ოფისში.

უხერხულია უბრალოდ, ხალხო, ჯერ გამოგყავთ კანდიდატი პრეზიდენტობის, რომელსაც სურდა პრეზიდენტობა და ჯერ კიდევ სურს, უამრავი სხვა პრობლემაა ქვეყანაში, მიმდინარე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც მედიას აინტერესებს, დააყენებთ ამ კანდიდატს ტრიბუნასთან, ათქმევინებთ იმ დაწერილ ტექსტს, რამდენიმე წინადადებით და მერე შურდულივით გარბის-გამორბის ისევ თქვენთან. უხერხულია, ყველაფერი უკვე ხელის გულზე ჩანს, რომ ეს არის თქვენივე დაგეგმილი,"-ამბობს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი ნიკა მელია.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჯარისკაცებზე პირდაპირ თავდასხმად აფასებს გიორგი ვაშაძე. 

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი ხელისუფლებას, იმ ძალადობრივ ქმედებებს ახსენებს, რომელიც მმართველი პარტიის სახელს უკავშირდება და დღემდე გამოძიებული არ არის. 

"მუქარა არის ცუდი, ძალადობა არის ცუდი და სიძულვილის ენის გამოყენება ცუდია და ჩვენ ამაზე მუდმივად ვსაუბრობდით, მაგრამ ხელისუფლებისგან, რომელიც არბევდა პოლიტიკური პარტიების ოფისებს, რომელმაც ასეულობით ადამიანი ატარა დაკითხვაზე და შერჩევითი სამართლის ძალიან მაღალ სტანდარტები დაამკვიდრა, ხელისუფლება, რომელიც გვესროდა წიწილებიან კვერცხებს, ხელისუფლება, რომელმაც არ გამოიძია კორცხელი. ამ ხელისუფლების პრეზიდენტობის კანდიდატისგან ასეთი დაუსაბუთებელი ბრალდებების წამოსროლა, ეს არის მხოლოდ ერთადერთის ნიშანი, რომ სალომე ზურაბიშვილი უპირისპირდება ჯარს, რომელიც მას მხარს არ უჭერს თავისი მოღალატეობრივი პოზიციის გამო"-ამბობს ირმა ნადირაშვილი.

დღის ამბები