19 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
"იმედის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტში - „კურიერის“ ინფორმაციით, ირაკლი რუხაძე საკანონმდებლო ორგანოში ბიზნესის ლობირებისთვის მივიდა

ტელეიმედის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე პარლამენტში - „კურიერის“ ინფორმაციით, ირაკლი რუხაძე საკანონმდებლო ორგანოში ამჯერად, მისი ბიზნესის ლობირებისთვის მივიდა. საქმე ეხება ცემენტის ბიზნესს.

როგორც ცნობილია, რუხაძე ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდთან ერთად ცემენტის მწარმოებელი ჰაიდელბერგის მფლობელია.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ რუხაძეს დეტალებზე არ უსაუბრია. თუმცა ტელეკომპანია „იმედის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ თქვა, რომ მმართველ გუნდთან შეხვედრებსა და განხილვებში მონაწილეობას მომავალშიც მიიღებს, რათა ბიზნესი უკეთესად დაგეგმოს.

„მე მოვედი იმიტომ, რომ გავიგო ექნება თუ არა საქართველოს ანტიდემპინგური კანონი და თუ ექნება როგორი სახის კანონი იქნება. ეს მომცემს საშუალებას გადავწყვიტო, დავაბანდო არ დავაბანდო, რა დარგში დავაბანდო და არ დავაბანდო. სულ ვაბანდებ თანხას, 25 მილიონი დოლარი დავაბანდეთ რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შარშან, კიდევ ვაპირებ დავაბანდო და უნდა ვიცოდეთ, რამდენად შესაძლებელია რომ ჩვენ ვიყოთ კონკურენტუნარიანი. კონკურენტუნარიან გარემოში ვიმუშაოთ. თუ შესაძლებელია მაშინ დავაბანდებ, თუ არა არ დავაბანდებ. საინტერესო იყო, ძალიან კარგია, რომ ამაზე ლაპარაკი მიდის სახელმწიფოში და მივალთ იმედია ნორმალურ გადაწყვეტილებამდე,“-განაცხადა რუხაძემ.

შეხვედრის შესახებ ისაუბრა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემაც. რომან კაკულიას განცხადებით, არავინ არის მომხრე იმის, რომ ანტიდემპინგური კანონი საჭირო არ არის.

„სჯობს კანონი მივიღოთ ჩემი აზრით და მერე თანდათანობით ჩვენ ვიზრუნებთ, როგორ შეიქმნება ინსტიტუციურად დისკვალიფიკაცია, რომელიც კანონის ამოქმედებასთან იქნება დაკავშირებული,“-განაცხადა კაკულიამ.

დღის ამბები