25 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
ენგურის ხიდი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს შესაძლოა დაიკეტოს

ენგურის ხიდი შესაძლოა დაიკეტოს - ხელისუფლების სავარაუდო გეგმის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი ლაშა ბერულავა ავრცელებს.

მისი განცხადებით, დევნილების ხმებით უკმაყოფილო მთავრობამ ეს გადაწყვეტილება არჩევნების პირველი ტურის შემდეგ მიიღო. მეორე ტურზე კი აპირებს, რომ მათ ხმის მიცემის საშუალება სწორედ ხიდის ჩაკეტვით წაართვას.

ბერულავას ინფორმაციით, ამ მიზნით სამეგრელოს გუბერნია მოლაპარაკებებს მართავს გალის დეფაქტო გამგებელთან.

ოპოზიციაც პირველი ტურის შედეგებს უკავშირებს ხელისუფლების შესაძლო ჩანაფიქრს, ენგურის ხიდის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

„ე.წ. ჩრდილოვანი პირები აწარმოებენ მოლაპარაკებას გალის დეფაქტო გამგებელთან, რომ კარანტინის გამოცხადების დღე დაემთხვეს მეორე ტურის გამოცხადების თარიღს, რის შემდეგაც გალში მცხოვრებ დევნილებს შეექმნებათ ხელოვნური დაბრკოლება იმისთვის, რომ გადმოვიდნენ ზუგდიდის რაიონში და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში,“ - განაცხადა ბერულავამ.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ სამეგრელოს შტაბის ხელმძღვანელი, მურთაზ ზოდელავა ხელისუფლებას მიმართავს, რომ მოქალაქეებს თავისუფალ საარჩევნო გარემოში მოუწიოთ ხმის მიცემის პროცედურის გავლა. ის მოუწოდებს მთავრობას, რომ ხელოვნური ბარიერი არ შექმნან ენგურის ხიდთან და მოქალაქეებმა შეძლონ გადმოსვლა ხმის მისაცემად.

ამ დრომდე მეორე ტურის გამართვის თარიღი უცნობია. 

დღის ამბები