24 აპრილი 2024,   12:48
ვრცლად
პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტს პროექტს განიხილავენ - ოპოზიცია მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ უჭერს

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტს განიხილავენ. მთავარი საფინანსო დოკუმენტის მიხედვით, მომავალ წელს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 350 მილიონი ლარით, ჯამში 13 მილიარდ ლარამდე იზრდება. დამატებული 350 მილიონით კი ძირითადად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასა და პენსიის 20 ლარით ზრდას მოხმარდება. დოკუმენტს დეპუტატებს პარლამენტში ფინანსთა მინისტრი გააცნობს. 

მმართველ გუნდში ბიუჯეტის პროექტს აფასებენ და აცხადებენ, რომ მთავარ საფინანსო დოკუმენტში სოციალური პროექტები გათვალისწინებულია. 

„ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არის გაზრდილი სოციალური დახმარებების, არის ჯანდაცვის სისტემის დაფინანსება გაზრდილი, არის განათლების სისტემა და როგორც იყო გაცხადებული პენსიების ზრდა არის გათვალისწინებული, არასრულწლოვნების დახმარების პროექტი, შშმ პირთა დახმარების პროგრამა და ა.შ. ძალიან ბევრი სოციალური პროგრამაა და ეს ის ტენდენციაა, რომელზეც იყო მთავრობის დამტკიცებისას საუბარი, რომ შემდგომი წლები იქნება უფრო სოციალურად ორიენტირებული, რაც ნიშნავს ინკლუზიურ და მდგრად განვითარებას,“ - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ბიუჯეტის პროექტს აკრიტიკებენ საპარლამენტო ოპოზიციაში. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ 2018 წლის ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, სოციალური პროგრამებისთვის გაცილებით დიდი რესურსის გამოთავისუფლება იყო შესაძლებელი.   

„ჩვენ მოვისმინეთ ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების პირველი ტურის მერე, რომ ფუნდამენტურად გადაიხედება პენსიების, დევნილთა შემწეობის საკითხი, სოციალური დახმარებების საკითხი, მაგრამ ბიუჯეტი არცერთი ამ მიმართულებით არ ასახავს, თუნდაც, ერთი კვირის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცემულ დაპირებას და ამიტომ ჩვენ ვხედავთ იმას, რომ სიტყვა რჩება სიტყვად და ბიძინა ივანიშვილი აგრძელებს ქართველი ხალხის მოტყუებას,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის თქმით, ბიუჯეტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევას ვერ პასუხობს.

„ეს ბიუჯეტი არის კვლავინდებურად ბიუროკრატიული, უამრავი უსარგებლო ხარჯი, მრავალ კორუფციული მუხლი კვლავ ძველებურად არის ჩატოვებული. ბიუჯეტი, მიუხედავად იმისა, რომ 350 მილიონი ლარით გაიზარდა ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზრდის ნახევარი მოდის კვლავ საგარეო ვალების აღებაზე და იზრდება და იზრდება ქვეყანაში შიდა და საგარეო ვალი და, ფაქტობრივად, ჩვენ ვცხოვრობთ მომავალი თაობის ხარჯზე. ბიუჯეტი დეფიციტურია, რომელიც პრობლემას შეუქმნის მომავალში ფასების და ლარის სტაბილურობას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

დღის ამბები