25 აპრილი 2024,   17:57
ვრცლად
სესხის აღება რთულდება - საბანკო სექტორი რეგულაციების ამოქმედების ვადის გადავადებას ითხოვს 

ახალი საბანკო რეგულაციების ამოქმედებამდე 2 დღე რჩება - ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული შეზღუდვები მოსახლეობას სესხების აღებას მნიშვნელოვნად გაურთულებს. რეგულაციების ავტორების განცხადებით, რეგულაციის მიზანი პასუხისმგებლიანი დაკრედიტების წახალისებაა.

შეზღუდვების ამოქმედებისთანავე გართულდება იპოთეკური სესხის აღება, შემცირდება მომხმარებელზე გასაცემი თანხის ოდენობა და მნიშვნელოვნად შეიზღუდება ნივთის განვადებით გაყიდვა.

თავდაპირველად რეგულაციები 1 ნოემბრიდან უნდა შესულიყო ძალაში, თუმცა ეროვნულმა ბანკმა რეგულაციების ამოქმედება 15 ნოემბრამდე გადადო. 

მიუხედავად მთავარი საფინანსო უწყების განმარტებისა, რომ 15 ნოემბერი ბოლო ვადაა, ​საბანკო სექტორის წარმომადგენლები რეგულაციების კიდევ ერთხელ გადავადებას ითხოვენ და თარიღად 1 იანვარს ასახელებენ. 

„საბანკო ასოციაციის სურვილია, რომ ისე, როგორც მიკროსაფინანსო ინსტიტუტებში ეს ახალი რეგულაციები ძალაში შევიდეს პირველი იანვრიდან, ვნახოთ, როგორ ამოქმედდება,“ - ამბობს „თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

რეგულაციების ამოქმედების 1 იანვრამდე გადავადების აუცილებლობას განმარტავს "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი. კახა კიკნაველიძის თქმით, მსხვილ ბანკებს ახალ რეგულაციებზე გადასვლა ასეთ მოკლე პერიოდში გაუჭირდება.

„მნიშვნელოვანია ცვლილებები, რომლის დანერგვაც დიდ სისტემურ ბანკებში დრო სჭირდება. ძალაში შესვლამდე იყოს გარკვეული პერიოდი, ორი კვირა იქნება თუ ერთი თვე, რომელიც საშუალებას მისცემს ბანკებს, დანერგოს თავიანთ სისტემებში ეს ახალი რეგულაციები, რომლებიც შემოვა,“ - განაცხადა კახა კიკნაველიძემ.

საბანკო რეგულაციების შემოღების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში არსებული ჭარბვალიანობა დასახელდა. საფინანსო უწყებების ხელმძღვანელები ამბობენ, რომ წესების გამკაცრება ჭარბვალიანობას შეამცირებს და ეკონომიკურ ვითარებასაც უფრო სტაბილურს გახდის. 

ექსპერტები კი იმ მიზეზებზე საუბრობენ, რის გამოც ეროვნულ ბანკს რეგულაციების ამოქმედების გადავადება მოუწია. ანალიტიკოსთა აზრით, მიზეზი საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობის უკმაყოფილების შემსუბუქება იყო. 

კომერციული ბანკების შემდეგ, რადიკალური შეზღუდვები მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსაც ეხებათ. მათთვის რეგულაციები იანვრიდან ამოქმედდება.     

დღეს კომერციული ბანკების ხელმძღვანელები თბილისის მერს და მის მოადგილეებს შეხვდნენ. 

დღის ამბები