15 დეკემბერი 2018,   07:24
ვრცლად
მანგანუმის მოპოვება ჭიათურაში - სოფელ რგანის სასაფლაო და ეკლესია ჩამოშლის პირასაა

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელი რგანის ერთადერთი სასაფლაო ჩამოშლის პირასაა. მოსახლეობის თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე მანგანუმის მოპოვების გამო, ცალ მხარეს კედელი ერთხელ უკვე ჩამოიშალა, ახლა კი საფრთხე კიდევ უფრო გაზრდილია.

სასაფლაოს ჩამოშლასთან ერთად, სოფელ რგანში ნგრევა ელის ერთადერთ ეკლესიასაც. ადგილობრივების თქმით, კერძო კომპანია მანგანუმის მოპოვების სამუშაოებს ისეთ ადგილზე აწარმოებს, სადაც ტაძრისა და საფლავების საყრდენი კედლებია. სოფელში ეჭვი აქვთ, რომ კომპანია უკანონოდ მოქმედებს.

რგანის მოსახლეობამ მანგანუმის მოპოვების სამუშაოების შეწყვეტის თხოვნით კომპანიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა. უპასუხოდ დარჩენილი თხოვნის შემდეგ კი პროტესტის ნიშნად სოფლის გზა გადაკეტეს. ადგილობრივები რამდენიმე საათის განმავლობაში არ ატარებდნენ იმ სატვირთოებს, რომლებსაც მაღაროდან მანგანუმი გამოჰქონდათ.

კომპანიის წარმომადგენლებმა მანგანუმის მოპოვებისას შექმნილ პრობლემაზე პასუხის გაცემა მას შემდეგ ისურვეს, რაც მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად გზა გადაკეტა. ნოდარ მიქაბერიძე ამტკიცებს, რომ კანონის სრული დაცვით მუშაობენ და გადაცდომები არ აქვთ.

ჯორჯიან მანგანეზში დარწმუნებულებია არიან, რომ სასაფლაოს ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს.

 

 

ავტორები: ედიშერ მუშკუდიანი, თაკო სურგულაძე.

დღის ამბები