20 აპრილი 2024,   17:44
ვრცლად
„საარჩევნო კოდექსი გამოყოფს როგორც გამონაკლისს და ამბობს, რომ არ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს სამუშაო დღეს" - ჩოკორაია

არჩევნების თარიღის გამოსაცხადებლად დღის პირველ საათზე დანიშნული სხდომა ცესკო-ში საღამოს შვიდ საათამდე გაურკვეველი მიზეზით გადაიდო.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს არჩევნები შუა კვირაში დანიშნოს.

არასამთავრობო სექტორში ამბობენ, რომ არჩევნები შაბათს ან კვირას უნდა დაინიშნოს, სხვა შემთხვევაში კითხვები ცესკო-ს მიმართ ლეგიტიმური იქნება.

„მას შეუძლია შედეგები გამოაცხადოს 17 ნოემბერს, რა შემთხვევაშიც პირველ დეკემბერს დაემთხვევა არჩევნების თარიღი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ქმედებები გაჩენილ კითხვის ნიშნებს აქარწყლებდეს და არ უმატებდეს კითხვებს,“-ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე მიხეილ ბენიძე.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის თქმით, მართალია, ცესკო-ს აქვს უფლება, რომ არჩევნები შუა კვირაში დანიშნოს და ამ შემთხვევაში ეს დღე უქმე დღედ გამოცხადდება, თუმცა ირმა პავლიაშვილის თქმით, შუა კვირაში არჩევნების დანიშვნა პრობლემას შეუქმნის ემიგრანტებსა და იმ ადამიანებს, რომლებიც რაიონებში არიან რეგისტრირებული.

საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია კი ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არის გამონაკლისი და არ შეიძლება ის სამუშაო დღეს დაინიშნოს. მისი თქმით, ცესკო-ს შეუძლია არჩევნები დანიშნოს კვირას 2 დეკემბერს.

„საარჩევნო კოდექსი გამოყოფს როგორც გამონაკლისს და ამბობს, რომ არ შეიძლება საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდეს სამუშაო დღეს. ცესკო-ს აქვს საშუალება ფართო ინტერპრეტაცია გააკეთოს საარჩევნო კოდექსის და არჩევნები ჩაატაროს კვირას 2 დეკემბერს. მეორე - მას აქვს ვადები, რომ შაბათს მეოცე დღეს გამოაქვეყნოს შედეგები და აქედან ორი კვირის თავზე ჩაატაროს არჩევნები და იყოს შაბათი დღე მაგრამ მთავარია, რომ ეს არ იქნება სამუშაო დღე,“-ამბობს ჩოკორაია.

დღის ამბები