20 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
წელიწადში პენსია 6 ლარით გაზარდეთ, იცით, რისი ყიდვა შეიძლება 6 ლარით? "ასავალ-დასავალის" 2 ნომრის - მწვავე დებატები პარლამენტში

პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკური დებატები მიმდინარეობს. მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით, რომლის მოცულობა 13 მილიარდით ლარითაა განსაზღვრული, ოპოზიციას არაერთი შენიშვნა აქვს. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, რეალურად ბიუჯეტის პროექტში სოციალური პროექტები არ არის გათვალისწინებული.

საპარლამენტო ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ შეახსენა, რომ 5 წლის განმავლობაში პენსია მხოლოდ 30 ლარით გაზარდეს. ოპოზიცია მთავარ საფინანსო დოკუმენტს მხარს არ უჭერს.

„5 წლის განმავლობაში თქვენ პენსია გაზარდეთ მხოლოდ 30 ლარით, საშუალოდ წელიწადში თქვენ პენსია გაზარდეთ 6 ლარით. იცით, რისი ყიდვა შეიძლება 6 ლარით? 6 ლარით თქვენ იყიდით საყვარელი გაზეთის - „ასავალ-დასავალის“ მხოლოდ 2 ნომერს. თქვენ არ ხართ "ქართული ოცნება," თქვენ ხართ რუსული ოცნება,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების წინ მოსახლეობის მოტყუებას დაპირებებით კიდევ ერთხელ ცდილობს.

„ქართველი ხალხი ცოდოა, რომ კიდევ ერთხელ თქვენი ამჯერად ექსპერიმენტების საცდელი თაგვი გახდეს, როგორც გუშინ გვაცნობეთ. როდესაც გვეუბნებით სოციალურ დახმარებაში დახარჯულ ფონდებზე, რატომ იზრდება მაშინ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, სამუშაო ადგილების შექმნაში თუ იხარჯება ბიუჯეტი, მაშინ რატომ იზრდება ქვეყანაში უმუშევრობა, მაშინ სად მიდის ეს ფული, რომელსაც ხარჯავთ? ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომელიც წარმოსახვით რეალობაში არსებობს? იმიტომ, რომ რეალურად ვერ ვხედავთ,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ასევე ახსენებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლარის კურსი მკვეთრად გაუფასურდა.

„როდესაც ხელისუფლებაში მოხვედით, ლარის კურს გვქონდა 1,65, დღეს გვაქვს 2,71. დავიწყებდი ფანატიზმამდე მისული ოპტიმისტური განცხადებით, რომ 2017 წელს ლარის ისეთ გამყარებას ელოდებოდით, რომ ქვედა მიჯნის დაწებას აპირებდით და დღევანდელ თქვენს განცხადებებს შეგახსენებთ, ლარის გაუფასურებას იწვევს, თურმე, ყვავის ჩხავილის ეფექტის მქონე გარკვეული განცხადებები, ლარის გაუფასურებას, თურმე, იწვევს ოპოზიციის განცხადებები,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

ხელისუფლების ოპონენტების აზრით, ბიუჯეტის პროექტში თანხა არამიზნობრივად არის გადანაწილებული. 

„ბიძინა ივანიშვილის ეს დაპირება, რომ დევნილთა შემწეობების რადიკალური გადახედვა მოხდებოდა, არის პირაპირ სიცრუე, ვინაიდან წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტში არ არის არცერთ თეთრი გათვალისწინებული, რომლითაც დევნილთა შემწეობა იზრდება. არ არის გათვალისწინებული პენსიის ზრდა, ეს არ არის რადიკალური ზრდა. „ქართული ოცნება“ თავის სტილში განაგრძობს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოტყუებას,“- განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა, ოთარ კახიძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები