ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ რეზოლუციასთან დაკავშირებით დებატები გაიმართა. გუშინ გამართული დებატების მთავარი განსახილველი საკითხი საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში იყო, სადაც საუბარია, თუ როგორ ასრულებს საქართველო ასოცირების ხელშეკრულებას. დეპუტატებმა საკუთარი პოზიცია უკვე გამოხატეს გუშინდელი დებატების შესახებ, რომელიც ერთი საათი გრძელდებოდა.
საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ დებატებმა აჩვენა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში მყარი მხარდაჭერა აქვს.
ხულორდავა ასევე აცხადებს, რომ მისაღებია ის შენიშვნებიც, რომელიც დებატების დროს საქართველოს მისამართით გაჟღერდა.
„გუშინდელმა დებატებმა ძალიან ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს ევროპარლამენტში აქვს ძალიან მყარი მხარდაჭერა, რომ საქართველოს პროგრესი, საქართველოს მიერ განვლილი გზა ფასდება დადებითად. მესიჯები, რომელიც გუშინ გაჟღერდა სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა პოზიცია იყო წარმოდგენილი. თუ მაგალითად, ზოგი სასამართლო რეფორმას აღნიშნავდა როგორც ხაზგასმით წარმატებულ ნაბიჯს, იყო ასევე საუბარი იმაზე, რომ შემდგომი არის გადასადგმელი. ეს შეფასებები არის სწორი რა თქმა უნდა, ბევრი რამ გაკეთდა ყველა მიმართულებით, როგორც კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, როგორც სასამართლო სისტემის რეფორმის კუთხით, როგორც საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების თვალსაზრისი, სხვა ბევრი მიმართულებით,“ - განაცხადა თამარ ხულორდავამ.