25 აპრილი 2024,   05:35
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები - "Edison Research"-ის ბოლო კვლევის თანახმად მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს

საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი ცნობილია, მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება - მეორე ტურის გამართვამდე ზუსტად ორი კვირით ადრე საპრეზიდენტო კანდიდატების რეიტინგებს შორის 12 პროცენტიანი სხვაობაა. ბოლო კვლევის თანახმად, არჩევნებში გრიგოლ ვაშაძე იმარჯვებს.

ავტორიტეტული ორგანიზაციის "Edison Research"-ის ახალი კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იყოს სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის ამომრჩეველი გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს დაუჭერდა მხარს.  

"Edison Research"-ის ბოლო კვლევით, ვაშაძის რეიტინგი სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკურ რეიტინგს 12 პროცენტით აღემატება. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "Edison Research"-ის კითხვაზე, ხვალ რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს ვის მისცემდით ხმას, ალოკაციის მეთოდით შედეგები ასე გადანაწილდა: გრიგოლ ვაშაძე 56%, სალომე ზურაბიშვილი კი 44%.

ამ მონაცემებში გამორიცხული არიან ის გამოკითხულები, ვისაც არ გადაუწყვეტია ან არ იძლევა პასუხს შეკითხვაზე.

ალოკაციის გარეშე კი მონაცემები ასეთია: საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? - გრიგოლ ვაშაძე 38%,  სალომე ზურაბიშვილი 34%,  არ ვიცი/არ ვპასუხობ - 18%,  არც ერთს - 10%.

ალოკაციით, ანუ დამატებითი კითხვების მეშვეობით მონაცემების შეწონვის და ამ გზით იმ პირების რაოდენობის შემცირების გზით, ვინც ჯერ კიდევ გადაუწყვეტელია ან არ იძლევა პასუხს შეკითხვაზე, შედეგი შემდეგია: 

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას? გრიგოლ ვასაძეს 41 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, სალომე ზურაბიშვილს 36 პროცენტი, არ ვიცი და არ პასუხობს 15%, ხოლო არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა ხმას 8 პროცენტი. 

მონაცემები მკვლევარებმა გამოქვეყნებამდე სრული ალოკაციის პრინციპით დაამუშავეს. იმის გამო, რომ დიდი იყო გადაუწყვეტელი ამომრჩევლის რიცხვი, დამატებითი კითხვებით Edison Research-მა დაადგინა, ვის მისცემენ ისინი ხმას მეორე ტურში.

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც ალოკაციას დაედო საფუძვლად ამომრჩევლის განწყობის გარკვევა იყო. შეკითხვაზე, რამდენად დადებითად, ან უარყოფითად ახასიათებთ მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს, შედეგები გადაუწყვეტელ და პასუხგაუცემელ ამომრჩეველში ასე გადანაწილდა:

პოზიტიურ რეიტინგში ლიდერობს გრიგოლ ვაშაძე. მის საქმიანობას ძალიან პოზიტიურად 7%, პოზიტიურად 41%, ნეგატიურად 29%, ძალიან ნეგატიური 23% აფასებს.

ნეგატიურ რეიტინგს ლიდერობს სალომე ზურაბიშვილი - გამოკითხულთა 38 პროცენტს ზურაბიშვილის მიმართ ნეგატიური განწყობა აქვს, ძალიან ნეგატიური 32%, პოზიტიური 28%, ხოლო ძალიან პოზიტიური მხოლოდ 2%-ს.

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ეს შედეგები მოულოდნელი არ ყოფილა. ამბობს, რომ ხალხის განწყობა მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებზეც იგრძნობა. ვაშაძე ფიქრობს წინ გადამწყვეტი ორი კვირაა, ამიტომ ოპოზიციის ამომრჩეველი აქტიური უნდა იყოს და მხოლოდ მაღალი აქტივობითაა შესაძლებელი ხმების დაცვა.

კვლევებზე რომლის თანახმად სალომე ზურაბიშვილი არჩევნების მეორე ტურის აგებს, ოცნების რჩეულ კანდიდატს ტრადიციული პოზიცია აქვს, ის კვლევებს არ ენდობა.

Edison Research -თან „რუსთავი 2“ 2010 წლიდან თანამშრომლობს. სწორედ ამ კომპანიის ეგზიტპოლის შედეგად, 2012 წელს ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება იზეიმა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კახი კალაძის პირველობაც სწორედ ამ კომპანიამ დაადგინა.

დღის ამბები