20 აპრილი 2024,   17:01
ვრცლად
ტრაგედია ფონიჭალაში - ძლიერ აფეთქებას 9 თვის ჩვილი და ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა 

აფეთქება ფონიჭალაში მსხვერპლით დასრულდა. 9 თვის ჩვილი და დედა მაშველებმა ნანგრევებიდან 6 საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად ამოიყვანეს. ორივე მათგანი მაშველებს გარდაცვლილი დახვდათ.

"კურიერმა" კადრების გადაღება იმ საცხოვრებელი სახლში შეძლო, სადაც ბეტონის ნანგრევებს შორის მოყოლილი დედა-შვილის ამოყვანას ათობით მაშველი მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა ტექნიკის საშუალებით ცდილობდა. აფეთქება, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დილის 11 საათზე მოხდა.

ძლიერი აფეთქება, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია. ნგრევა მესამე სართულიდან დაიწყო, სამი სართული მთლიანად გაანადგურა. აფეთქებამ ჩამოანგრია მეოთხე სართულის იატაკი და კედლები.

ნგრევის დროს მეორე სართულზე ჩაცვივდა აფეთქებულ საცხოვრებელში მყოფი ოჯახიც - დედა, მამა და 6 წლის ბავშვი. ისინი მაშველებმა ამწეს საშუალებით მეორე სართულიდან გამოიყვანეს. შემთხვევის შედეგად დაშავდა კიდევ ერთი მეზობელი მამაკაცი.

ერთ-ერთი ვერსიით, ბუნებრივი აირი რამდენიმე საათის განმავლობაში ჟონავდა. გაზი მესამე სართულის საცხოვრებელი ბინის აბაზანაში დაგროვდა. აფეთქებამ დააზიანა ამ სადარბაზოში მდებარე, თითქმის, ყველა ბინა, ჩამსხვრეულია მინები. სადარბაზოდან ოცდარვავე ოჯახი ევაკუიერებულია. აფეთქებამ დააზიანა კორპუსის ეზოში მდგომი ავტომობილებიც.

აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი მრავლობითი დაზიანებებით და დამწვრობებით ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. მათ ექიმები რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.

სამართალდამცველებთან და მაშველებთან ერთად, დღეს მთელი დღის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე ინჟინერ-კონსტრუქტორები იმყოფებოდნენ, რომლებიც საცხოვრებელი კორპუსის მდგომარეობას შეისწავლიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები