15 დეკემბერი 2018,   07:23
ვრცლად
ჰააგაში ბიძინა ივანიშვილის, თეა წულუკიანის, სალომე ზურაბიშვილის და რუსეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - სალომე სამადაშვილი

ბიძინა ივანიშვილის, თეა წულუკიანის, სალომე ზურაბიშვილის და რუსეთის ინტერესები ჰააგაში ერთმანეთს ემთხვევა,“ - ეს განცხადება, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გადაცემა „არჩევანის“ ეთერში გააკეთა.

სალომე სამადაშვილი, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის 2008 წლის ომის თემაზე გაკეთებულ განცხადებებს და იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ ქართველი სამხედროები შესაძლოა განსასჯელის სკამზე აღმოჩნდნენ, მკვეთრად აკრიტიკებს.

სალომე სამადაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურის დაყენება შემთხვევითობა არ არის.  

„სწორია შეფასება, რომ ეს შემთხვევითობა არ არის და ამ დღეებში ჩვენს წინ გამოისახა სრული სურათი, თუ რას უკავშირდება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების ეს დაუოკებელი სურვილი, რომელიც აქვს ბიძინა ივანიშვილს. რეალურად, გუშინ ჩვენ მოვისმინეთ ქალბატონი წულუკიანისგან თვითაღიარებითი ჩვენება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება ითქვას, პირდაპირ ხელს უწყობს საკუთარი ქმედებებით და უმოქმედობით რუსეთის ინტერესების განხორციელებას ჰააგაში და ამ გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია და ძალიან მნიშვნელოვანი დამაგვირგვინებელი ეტაპი იქნებოდა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის არჩევა საქართველოს პრეზიდენტად. ბიძინა ივანიშვილის, თეა წულუკიანის, სალომე ზურაბიშვილის და რუსეთის ინტერესები ჰააგაში ერთმანეთს ემთხვევა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილის თქმით, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების მიღმა რუსეთის ინტერესების გატარების სურვილი დგას.

„სალომე ზურაბიშვილი არ იქნება რიგითი პოლიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილი გეგმავს მის არჩევას პრეზიდენტად იმიტომ, რომ ჰააგაში შესაბამისად რუსეთის ინტერესებისთვის, რომელიც კიდევ ერთხელ ვამბობ, ემთხვევა სრულად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ინტერესებს, მათ გაუჩნდებათ რეალური შანსი, რომ განახორციელონ საკუთარი ამოცანები. ეს არის სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების უკან რაც დგას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ თეა წულუკიანმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

„ჩვენ ხშირად გვესმის, რომ ქართული ოცნების წარმატება რუსეთთან არის დიალოგი. დიახ, წარმატება რუსეთთან დიალოგში არის იმ მიმართულებით, რაც რუსეთის ინტერესებში შედის, მაგრამ რეალურად, დღევანდელი ხელისუფლება არა აწარმოებდა დიალოგს და არ აწარმოებდა მოლაპარაკებებს რუსეთთან იმ საქმეზე, რომელიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჰააგაში დაწყებულიყო ეს პროცესი. ხელმეორედ მიბრუნდებოდა ამას სასამართლო. ეს არის უსინდისო ტყუილი და ქალბატონი წულუკიანი უკვე უნდა გადადგეს იმის გამო, რაც მან არ გააკეთა ამ 6 წლის მანძილზე ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.  

დღის ამბები