31 მაისი 2020,   13:59
ვრცლად
"ცესკო-ს გადაწყვეტილება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს არღვევს" - ოპოზიცია არჩევნების ოთხშაბათს დანიშვნას ასაჩივრებს

ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღს ასაჩივრებს. ხელისუფლების ოპონენტები არჩევნების მეორე ტურის შუა კვირაში, ოთხშაბათს დანიშვნასთან დაკავშირებით ცესკო-ს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრეს. გაერთიანებული ოპოზიციისა და "ევროპული საქართველოს" წევრებმა განცხადებით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს. 

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსის დარღვევაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ ამ გადაწყვეტილებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საზღვარგარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება შეუზღუდა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არჩევნების საყოველთაობის პრინციპს არღვევს იმიტომ, რომ ამომრჩეველს ეზღუდება და პრობლემები ექმნება მეორე ტურში მონაწილეობისა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მთელ რიგ მუხლებს, რომელიც განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტის არჩევნები სწორედ არასამუშაო დღეს იმართება, კვირა დღეს. ცესკო-ს ჰქონდა ამის უფლებამოსილება, შეეძლო ეს გადაწყვეტილება მიერო, მაგრამ მათ ჯიუტად მხოლოდ და მხოლოდ გაითვალისწინეს სალომე ზურაბიშვილის, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის დაკვეთა,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ არჩევნების შუა კვირაში დანიშვნის მიუხედავად, გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე გაიმარჯვებს და სალომე ზურაბიშვილი დამარცხდება.

„დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი ტიპის ხელოვნური ბარიერებით „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს ხელისუფლების შენარჩუნებას, პირველმა ტურმა ცალსახად აჩვენა ამომრჩევლის ნება, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას უნდა ჩამოშორდეს და კონკრეტულ არჩევნებში ისინი აუცილებლად დამარცხდებიან,“- აცხადებს „ევროპული საქართველო“ წევრი ირაკლი აბესაძე.  

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს, ოთხშაბათს დღეს დანიშნა. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები