22 მარტი 2019,   09:04
ვრცლად
არჩევნების სავარაუდო გაყალბება გასული საუკუნის მეთოდებით - ე.წ. კარუსელი საარჩევნო უბნებზე

არჩევნების სავარაუდო გაყალბება - „სამართლიანი არჩევნების“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ მოპოვებულ ფაქტებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ასობით საჩივარი დაწერეს.

არსებობს ეჭვი, რომ არჩევნების გაყალბების გასული საუკუნის მეთოდები 2018 წელს „ქართულმა ოცნებამ“ ისევ დააბრუნა. ერთ-ერთი ვიდეომასალის მიხედვით, ამომრჩეველი საარჩევნო უბანზე გამზადებული ბიულეტენით მიდის, რომელსაც დამკვირვებელი აფიქსირებს და საჩივარს წერს.

სქემის თანახმად, უბანზე შესული ამომრჩეველი, რომელიც პარტიული აქტივისტია, ბიულეტენს კაბინაში იპარავს, დანაშაულის დაფარვის მიზნით კი, საარჩევნო ყუთში მხოლოდ ცარიელ კონვერტს აგდებს. ბიულეტენი გარეთ კოორდინატორთან მიაქვთ, რომელიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომერს ხაზავს და უკვე შემოხაზულ ფურცელს შემდეგ ამომრჩეველს აძლევს. უბანზე შესული ახალი ამომრჩეველი რეგისტრაციას გადის, საარჩევნო კაბინაში კი ცარიელ ბიულეტენს უკვე შემოხაზულით ცვლის და ურნაში აგდებს, ახალი ბიულეტენი კი კოორდინატორთან მიაქვს.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #83 საარჩევნო უბანზე ბიულეტენის კონვერტში მოთავსებისას ამომრჩეველმა აღმოაჩინა, რომ კონვერტში უკვე იდო შევსებული ბიულეტენი. #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბანზე კი გადასატანი ყუთის გამყოლმა კომისიის წევრებმა წაიღეს 12 ბიულეტენი. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9 ამომრჩეველმა. 3 გამოუყენებელი ბიულეტენის ნაცვლად კი, კომისიის წევრებმა 2 დააბრუნეს და თქვეს, რომ ერთი დაეკარგათ. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა ბათუმსა და ხელვაჩაურშიც.

ამ დრომდე სასამართლოში დავობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“. ორგანიზაცია იმ კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობის დაყენებას ითხოვს, რომელსაც ბიულეტენები თვლით ჩააბარეს და უკან 14-ით ნაკლები დააბრუნა.

საარჩევნო უბნებიდან ბიულეტენების დაკარგვის ფაქტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ადასტურებენ, თუმცა ცესკო-ში ამტკიცებენ, რომ გამქრალია დოკუმენტების მცირე რაოდენობა, რომელიც 5 მეასედ პროცენტს არ აღემატება. გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლებმა ბიულეტენების დანაკლისი 1000-ზე მეტ უბანზე დააფიქსირეს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ერთ უბანზე ერთი დაკარგული ბიულეტენიც კი კარუსელის დატრიალების საშუალებას იძლევა. გრიგოლ ვაშაძის შტაბში ამბობენ, რომ პირველი ტურის დროს „ქართული ოცნების“ გაყალბების მეთოდები გაშიფრეს და წინააღმდეგობის გასაწევად ემზადებიან.

დღის ამბები