24 აპრილი 2024,   17:52
ვრცლად
საჯარო მოხელეების შანტაჟი და დაშინება - არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად მარნეულში ვითარება რთულდება

საჯარო მოხელეების შანტაჟი და დაშინება - არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად მარნეულში ვითარება განსაკუთრებით რთული ხდება.

ადგილობრივი ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს სახელისუფლებო კანდიდატის მხარდაჭერას ავალდებულებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებიან.

სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბი საჯარო მოხელეების პირად მონაცემებს აგროვებს და ამ ადამიანებს აიძულებს არჩევნების მეორე ტურში 48 შემოხაზონ.

მარნეულის მეოთხე საბავშვო ბაღის მშობელი „კურიერს“ უყვება, რომ თავად შეესწრო, როგორ ახდენდნენ „ოცნების“ კოორდინატორები ზეწოლას ბაღის პედაგოგებზე, რათა მათ ზურაბიშვილის მხარდაჭერა ხელმოწერით დაადასტურონ.

ზეწოლა ბაღისა და სკოლის მასწავლებლებზე მარნეულში არჩევნების პირველი ტურის შემდეგ დაიწყო. ის, რომ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად სიებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში ადგენდნენ, ამავე დაწესებულების მეორე თანამშრომელმა დაადასტურა.

ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსი ამტკიცებს, რომ მსგავსი ზეწოლის შესახებ არ სმენია. ფოტომასალის წარდგენის შემდეგ კი ზაურ კარამოვმა, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის შედგენილ მონაცემებზე თქვა, რომ ის სახელფასო სიაა.

"ქართული ოცნების" მხრიდან პირველი ტურის შემდეგ მარნეულში ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლასა და მუქარაზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტის ოჯახი დღეს ღიად ალაპარაკდა. მეჰდიევების ოჯახს ემუქრებიან და მათგან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას ითხოვენ. 

გაერთიანებული ოპოზიციის მარნეული ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ზეწოლას და მუქარა სუს-იდან მოდის. ოპოზიციაში იმასაც ყვებიან, რომ ამომრჩეველზე ზეწოლა პირველი ტურის შემდეგ გაორმაგდა.

სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისთვის საგანგებოდ სიები „ქართული ოცნების“ კოორდინატორებმა პირველი ტურისთვისაც შეადგინეს. თუმცა 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კოორდინატორებმა ახალი მონაცემების შეგროვების დავალება მიიღეს.

 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი

დღის ამბები