25 აპრილი 2024,   09:06
ვრცლად
45 მილიონით შემცირებული თბილისის ბიუჯეტი - ოპოზიცია "ოცნებას" ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასა და პროექტების დაფინანსების შემცირებაში ადანაშაულებს

45 მილიონი ლარით ნაკლები - ასეთი სხვაობა იქნება თბილისის მომავალი წლისა და მოქმედ ბიუჯეტებს შორის. საკრებულოს ოპოზიცია უმრავლესობას ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდასა და პროექტების დაფინანსების შემცირებაში ადანაშაულებს.

თბილისის მცხოვრებლების დასჯის მეთოდად, ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლება ბიუჯეტის შემცირებას იყენებს. საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი, ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი, მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 45 მილიონი ლარით ნაკლებია.

ირაკლი ნადირაძე შიშობს, რომ შემცირებული საბიუჯეტო თანხები მნიშვნელოვან მიმართულებებს მოაკლდება, როგორებიცაა გზები, ტრანსპორტი, განსაკუთრებით კი - ავარიული შენობები და უფასო სასადილოები, თუმცა მისი თქმით, გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები.

მოქალაქეების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს ოპოზიციას უმრავლესობა. საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატი და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელი, ირაკლი ზარქუა ამტკიცებს, რომ 2019 წლის ბიუჯეტი წინასთან შედარებით, 10 მილიონით არის გაზრდილი.

ცენტრალური ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის გადარიცხვას ელოდება თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ხმალაძე. ხმალაძე განმარტავს, რომ სახელფასო ხარჯები მხოლოდ მერიის ახალი სამსახურის შექმნის გამო გაიზარდა და ხელფასის მომატება არ იგეგმება.

თბილისის 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი 871 მილიონს მოიცავს. დედაქალაქის მოქმედი ბიუჯეტი კი 916 მილიონი ლარია.

ახალი პროექტის განხილვა საკრებულოში უკვე დაწყებულია. 15 დეკემბრამდე კი მას მერიამ უნდა გადაუგზავნოს საბოლოოდ კორექტირებული ვარიანტი.

ოპოზიცია გეგმავს, რომ ამ სახით ბიუჯეტის დამტკიცების საშუალება უმრავლესობას არ მისცეს.

დღის ამბები