11 დეკემბერი 2018,   23:13
ვრცლად
სამაგიდო სიები და კოორდინატორების მობილიზება - ოპოზიციის მტკიცებით, "ქართული ოცნება" მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება

ოპოზიციის მტკიცებით, მმართველი პარტია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გასაყალბებლად ემზადება, რისთვისაც „ქართული ოცნება“ ე.წ. სამაგიდო სიებსაც იყენებს, რომელიც ამომრჩეველთა პერსონალურ მონაცემებს შეიცავს.

მათი ინფორმაციით, მმართველი პარტიის კოორდინატორები ცდილობენ, იმ ამომრჩეველთა ვინაობა გაარკვიონ, რომლებიც 28 ოქტომბერს არჩევნებზე არ მისულან. ოპოზიციის თქმით, მათი ვინაობის დადგენა კი იმ მოტივით სჭირდებათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილისთვის სასარგებლო არჩევანი გააკეთებინონ.

ტელეკომპანია „თრიალეთის“ მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ კოორდინატორებს გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე ამომრჩეველთა ფოტოებიანი სია აქვთ შეტანილი.

სურამში კაფე „ოქროს ხელების“ თანამშრომლები ადასტურებენ, რომ გუშინ დახურული შეხვედრა შედგა. ადგილობრივების ინფორმაციით, კაფეში მმართველ პარტიას არაოფიციალური შტაბი აქვს, სადაც კოორდინატორებს სისტემატურად ხედავენ.

ეჭვი, რომ სამაგიდო სიები კომისიებიდან გაიტანეს, მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოპოზიციამ ფოტო და ვიდე მასალა მოიპოვა, სადაც გახსნილი ყუთები ჩანს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, დასტურდება, რომ დალუქული სამაგიდო სიებია გახსნილი. შემთხვევა კრწანისის საარჩევნო ოლქში გამოვლინდა.

ოპოზიციის მტკიცებით, კიდევ ერთი ფაქტი სამაგიდო სიების კოორდინატორებისთვის გადაცემის თაობაზე ფოთში გამოვლინდა. ამას კი სოციალური ქსელით გავრცელებული, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი კოორდინატორის ფოტოც ადასტურებს.  

ქუთაისში მე-18 უბანზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი, ასმათ სურმავა „კურიერთან“ ადასტურებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კიდევ უფრო გააქტიურდნენ და ამომრჩევლებთან კარდაკარ დადიან.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ამტკიცებენ, რომ ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სამაგიდო სიებთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

დღის ამბები