20 აპრილი 2024,   12:16
ვრცლად
14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვი - დაახლოებით 12 საათია, სამართალდამცველები გორში მოზარდის ცხედარს ეძებენ  

დაახლოებით 12 საათია, სამართალდამცველები გორში 14 წლის წინ გაუჩინარებული ბავშვის ცხედარს ეძებენ.

სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე აქტიურად მიმდინარეობს. კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორია პოლიციას აქვს გადაკეტილი, სადაც სამართალდამცველებთან ერთად, 2004 წელს გაუჩინარებული ზაქრო ბერძენიშვილის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან.

ჯერჯერობით სამართალდამცველები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გორში, კულტურისა და დასვენების პარკის ტერიტორიაზე, სწორედ 2004 წელს გაუჩინარებული 11 წლის მოზარდის სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გაუჩინარებული ბავშვის ოჯახის წევრები საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა, სავარაუდოა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულმა იაგო ნებიერიძემ სამართალდამცველებს 14 წლის გაუჩინარებული ბავშვის ცხედრის ადგილსამყოფელად სწორედ ეს ტერიტორია მიუთითა და ახლა იქ სამძებრო ღონისძიება მიმდინარეობს.

იაგო ნებიერიძის სახაზინო ადვოკატი, მაია გრიგოლიშვილი, ამბობს, რომ მას გაუთქმელობის პირობა აქვს დადებული და საკითხის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ისაუბრეს. 

„მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ ამ ეტაპზე კონკრეტულად რა მტკიცებულებებია საქმეში, ამაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ხელწერილი მაქვს, არ გავამჟღავნო საქმესთან დაკავშირებული არანაირი ინფორმაცია,“ - განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა.

უფლებადამცველი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციიდან გამომდინარე, დამატებით განცხადებას ვერ გააკეთებს. ადვოკატი არ ამბობს ასევე არაფერს იმ საკითხზე, აღიარა თუ არა იაგო ნებიერიძემ 14 წლის წინ ჩადენილი დანაშაული. 

„ჩემთვის არ არის ცნობილი და შესაბამისად, ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე, მე მეტს ვერაფერს ვერ გიპასუხებთ. არ საუბრობს არანაირ საქმესთან დაკავშირებით,“ - განაცხადა მაია გრიგოლიშვილმა

 

 

 

 

დღის ამბები