19 აპრილი 2024,   22:28
ვრცლად
გლდანის ციხეში ომარ ბაციკაძე უკვე მეორე დღეა, შიმშილობს - ის მისი საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვას ითხოვს

გლდანის ციხეში პატიმარი ომარ ბაციკაძე უკვე მეორე დღეა, შიმშილობს. მსჯავრდებული მისი საქმის უზენაეს სასამართლოში განხილვას ითხოვს.

ადვოკატის განცხადებით, ომარ ბაციკაძეს პატიმრობა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით სააპელაციო სასამართლო მიუსაჯა და გააუქმა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდა.

ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი ვარაუდობს, რომ გამოძიება მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის დედა-შვილის მკვლელობის ბრალის წარდგენას ცდილობს.

„გუშინ ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ომარ ბაციკაძემ დაიწყო უვადო შიმშილობა. სწორედ იმიტომ, რომ როგორც მოგეხსენებათ, ეს საქმე მიმდინარეობდა გორში. საქმე ეხება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას, რომელიც ამოღებული იქნა მოშორებით ე.წ. შემოუღობავი ნაკვეთიდან. ამ იარაღზე არ ამოვიდა არანაირი დნმ. ის არ არის კავშირში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან. აღნიშნული განაჩენი ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს სასამართლო პრაქტიკას, რომელიც სარეკომენდაციო არის, რა თქმა უნდა, სააპელაციო სასამართლოსთვის. ჩვენ შევიტანეთ უკვე უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი,“ - განაცხადა ადვოკატმა.

მკვლელობა 2017 წელს სოფელ ხატისძირში მოხდა.

დღის ამბები