26 აპრილი 2024,   00:49
ვრცლად
ხმა 20 ლარის ან 5 კილო კარტოფილისა და ხახვის სანაცვლოდ - გარდაბანში ზურაბიშვილის არაფორმალურ შტაბთან გრძელი რიგია

გარდაბანში საარჩევნო ხმა 20 ლარად იყიდება, ხალხს ან ფულს აძლევენ, ან 5 კილო კარტოფილს და ხახვს. ზურაბიშვილის არაფორმალურ შტაბთან გრძელი რიგია, მოსახლეობას არჩევნების წინ 5 კილოგრამ კარტოფილს და 5 კილოგრამ ხახვს ურიგებენ.

ნობათის მისაღებად პირადობის მოწმობის წარდგენაა საჭირო. მოქალაქის პირადი მონაცემებს იქ არასრულწლოვანი ახალგაზრდა აღრიცხავს, პირადობის მოწმობას ფოტოს უღებს და მოქალაქეც ხელმოწერით სიაში ადასტურებს, ოღონდ რას, თავადაც არ იციან. ზურაბიშვილის არაფორმალურ შტაბში მისული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, იძულებულია, საარჩევნო ხმა მცირე ნობათში გაცვალოს.

ზურაბიშვილი არაფორმალურ შტაბს ადგილობრივი ბიზნესმენი ხელმძღვანელობს. ის ბრძანებებს იარაღით ხელში იძლევა. ცეცხლსასროლი იარაღი კურიერის კამერამ გარდაბანში იმ შენობაში გადაიღო, სადაც მმართველი გუნდი სალომე ზურაბიშვილისთვის ამომრჩეველთა ხმების მობილიზებას ახდენს.

პისტოლეტი ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მას შემდეგ გადამალეს, როდესაც ადგილზე კურიერის კამერა შეამჩნიეს.

გარდაბანში ზურაბიშვილის არაფორმალურ შტაბში მისულები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში, მათ დაჰპირდნენ, რომ დახმარების სახით შაქარს, კარაქს და საახალწლოდ სათამაშოებსაც მიიღებენ.

ამომრჩევლების მოსყიდვას, სურსათის სანაცვლოდ, მოსახლეობას ერთი ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ის, ვინც კარტოფილი და ხახვის მისაღებად არ მივიდა, ამბობს, რომ ხმას ნობათზე არ ცვლის.

ნათიკ სადიკოვი ქართული ოცნების მხარდამჭერია და იმ დროებითი ე.წ. შტაბის უფროსია, საიდანაც ხმების სანაცვლოდ მმართველი გუნდი ხახვს და კარტოფილს არიგებს. სადიკოვის გაღიზიანება ადგილზე კურიერის კამერის გამოჩენამ და ცეცხლსასროლ იარაღთან დაკავშირებით ჟურნალისტის კითხვამ გამოიწვია.

ნათიკ სადიკოვი კურიერის გადამღებ ჯგუფს უმტკიცებდა, რომ ის ბიზნესმენია და ხახვს და კარტოფილს ადგილობრივებს საკუთარი ინიციატივით ქველმოქმედების მიზნით ურიგებდა.

ადამინების მოსყიდვა რომ სურსათის სანაცვლოდ ხდება, ამას აუდიოჩანაწერიც ადასტურებს. ფარულ მასალაში, რომლიც კურიერმა მოიპოვა, ნათიკ სადიკოვის ხმა ისმის.

ევროპული საქართველოს ყოფილი წევრი და ახლა ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი ერთ-ერთ ადგილობრივს ესაუბრება და ადასტურებს, რომ ხალხის სურსათით მოსყიდვა წინასაარჩევნოდ ხელისუფლების გადაწყვტილებაა.

ნადიკ სადიკოვი რომ ხელისუფლების დავალებას ასრულებს, მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც კურიერის ჟურნალისტმა მას ამ ფარული აუდიოჩანაწერის მოსმენა შესთავაზა. სადიკოვმა რამდენიმე დღის წინ მასსა და ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატის, სავალან მირზოევის, შეხვედრაც გაიხსენა.

გარდაბნის მაჟორიტარი და ადგილობრივი ხელისუფლება რომ ამომრჩევლის მოსყიდვის საქმეში პირადად არიან ჩართულები, ამას ოპოზიციაც ადასტურებს. მათი განცხადებით, ქართულმა ოცნება ამომრჩევლის მოსყიდვას და ზეწოლას ყველანაირი მეთოდით ახდენს.

 

 

 

ავტორი: ჯეიხუნ ნარზალოვი 

 

დღის ამბები