04 აპრილი 2020,   19:22
ვრცლად
ეს იყო იმ ადამიანების ინიციატივა, რომლებმაც განიცადეს წნეხი თავის დროზე ნაცმოძრაობის მხრიდან - ირაკლი კობახიძე ახალი ბანერების გამოჩენაზე

„ეს იყო კონკრეტული ადამიანების ინიციატივა, იმ ადამიანებისა, რომლებმაც განიცადეს წნეხი თავის დროზე ნაცმოძრაობის მხრიდან,“ - ეს განცხადება, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახალი აგრესიული შინაარსის ბანერების გამოჩენასთან დაკავშირებით გააკეთა.

საქმე ეხება თბილისის ქუჩებში ახალი აგრესიული შინაარსის ბანერების გამოჩენას, რომელზეც ყოფილი და მოქმედი რვა პოლიტიკოსია გამოსახული. „კურიერმა“ გაარკვია, რომ ბანერის დამკვეთი ბიზნესმენი, წინანდლის ღვინის ქარხნის მფლობელი ალექსანდრე მეგუთნიშვილია.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი პარტია საქმის კურსში იყო, რომ იგეგმებოდა ამ ბანერების გაკვრა, სადაც წინა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები არიან გამოსახული.

კობახიძე ადასტურებს, რომ ამ ბანერების გაკვრის ინიციატორებთან „ოცნების“ წარმომადგენლებს კომუნიკაცია ჰქონდათ, რადგან მათ ტექნიკური დახმარება ესაჭიროებოდათ. 

„ესენი არიან რეპრესირებული ადამიანები, აქედან გამომდინარე, სრულიად ბუნებრივია, რომ ისინი საკუთარ ინვესტიციას სდებენ იმაში, რომ არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდეს ნაცმოძრაობა საქართველოში. ამაზე ჩვენც ვართ ბუნებრივია, პასუხისმგებელი, ნაცმოძრაობის არდაბრუნებაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები