20 აპრილი 2024,   17:59
ვრცლად
"ამომრჩევლის მოსყიდვაა, რაც 100 ლარს აჭარბებს სისხლის სამართლის დანაშაულია" - მესამე სექტორი პროკურატურისგან ვალების ჩამოწერის საქმით დაინტერესებას ითხოვს

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვისა და პოლიტიკური კორუფციის უპრეცედენტო შემთხვევა - არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობის მიერ დღეს გამოცხადებულ პროგრამაში, რომელიც პრემიერის თქმით, ჭარბვალიანობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად, მოქალაქეების მოსყიდვის ნიშნებს ხედავენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განმარტებით, ამომრჩევლის მოსყიდვად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც 100 ლარს აჭარბებს. მესამე სექტორში ამბობენ, რომ მთავრობის ინიციატივა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, რის გამოც სამოქალაქო სექტორი გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს.

„ქართუ ჯგუფი“ იღებს საკუთარ თავზე ამ ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში ეს წარმოადგენს ამომრჩევლის მოსყიდვას. რა თქმა უნდა, ამომრჩევლის მოსყიდვაა, როდესაც ის ას ლარს აჭარბებს არის სისხლის სამართლის დანაშაული. აქ ცხადია, რომ ჯამურადაც და თითოეული ადამიანის შემთხვევაშიც ვისაც ეს შეეხება უმეტეს შემთხვევაში ეს იქნება ამ ზღვარს ზემოთ და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს,“-აცხადებს სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე.

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი კი ფიქრობს, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მმართველი პარტიის თავმჯდომარის ფონდიდან მოვალეთა ვალდებულებების დაფარვა პირდაპირ მიანიშნებს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვაზე. 

„ამ ფონდის ხელმძღვანელი ვიცით რომ არის მმართველი პარტიის ხელმძღვანელი ამავე დროს, მას გააჩნია საარჩევნო მიზანი, ყველა ეს გარემოებათა ერთობლიობა გვაძლევს მიზეზს, ვთქვათ, რომ შეიცავს ეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს. ვფიქრობთ მნიშვნელოვანია შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ ეს საკითხი. შესაბამისი ორგანო კი არის პროკურატურა, იმიტომ რომ ას ლარზე მეტ თანხაზე დგას საკითხი“-ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.

როგორც ცნობილია, შავ სიაში მოხვედრილი მოსახლეობის ვალების დასაფარად 1.5 მილიარდ ლარს სწორედ ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ გაიღებს. ამგვარად სასესხო ვალდებულება უნულდება 600 ათასზე მეტ ადამიანს.

დღის ამბები