04 აპრილი 2020,   18:26
ვრცლად
"მაღალი თანამდებობის პირმა გამოიყენა საკუთარი გავლენა" - ოპოზიცია იმ პირის დადგენას ითხოვს, ვინც ნაცვლიშვილის გაშვების განკარგულება გასცა

ოპოზიცია იმ პირის ვინაობის დადგენას ითხოვს, ვინც საპატრულო პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ლაშა ნაცვლიშვილის გაშვების განკარგულება მისცა. საუბარია ინციდენტზე, რომელის შესახებ ინფორმაცია P.S.-მა გაავრცელა და სადაც ჩანს როგორ აჩერებს საპატრულო პოლიცია არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ „ქართული ოცნების“ PR კონსულტანტს და შემდეგ ზემდგომის მითითებისას მას ყოველგვარი სანქციის გარეშე უშვებს. სწორედ ამ რეპორტაჟის ეთერში გასვლის შემდეგ დაიწყო შსს-მ ფაქტზე გამოძიება.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ ამ ხელისუფლებისგან მსგავსი ქმედებები გასაკვირი არ არის, რადგან ლაშა ნაცვლიშვილი ერთ-ერთია იმ პირთა შორის, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მარჯვენა ხელად ითვლება.

„ლაშა ნაცვლიშვილი არის უახლოესი გარემოცვიდან ბიძინა ივანიშვილის. შეიძლება ითქვას სამეულში შედის. ფარცხალაძე, გახარია და ნაცვლიშვილი. ამაზე დგას ბიძინა ივანიშვილი, მისი არაფორმალური მმართველობა, ანუ ოლიგარქიული მმართველობა დგას აი ასეთ ადამიანებზე. მათ შორის ერთი, ძალიან ძლიერი ბურჯი უჭირავს ლაშა ნაცვლიშვილს. სამწუხარო ის არის რომ  არ უკვირს  მსგავს სამართალდარღვევაზე პასუხს რომ არ თხოვენ, მარჯვენა ხელს ბიძინა ივანიშვილის. მარგამ აქ საინტერესო იცით რა არის, რა უნდა გვითხრას ძალიან მალე შსს-მ? ვინ იყო ის ადამიანი, ის მაღალი თანამდებობის პირი, ვინც დარეკა და გააშვებინა ლაშა ნაცვლიშვილი. მასზე ოქმიც არ არის შედგენილი. ანუ სამართალდარღვევაზე რეაგირება არ მოახდევინეს პატრულის თანამშრომლებს და ამის შესახებ შესაბამისი მუხლი არსებობს სისხლის სამართლის კოდექსში. ზეგავლენით ვაჭრობა ჰქვია. რაც იმას ნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირმა გამოიყენა საკუთარი გავლენა, მდგომარეობა,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

განკარგულების გამცემი პირის დადგენას ითხოვენ „ევროპულ საქართველოშიც.“ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, მსგავსი უკანონო ბრძანებები ამცირებს და აკნინებს საპატრულო პოლიციის ღირსებას.

„როდესაც დაუსჯელობის სინდრომია ქვეყანაში ეს იწვევს  ახალი უკანონობების ჩადენას. მე ყველას მინდა გაგახსენოთ მაგალითად მინისტრის მოადგილის, ბატონი იზორიას ძმა რომელიც ე.წ. ნარუშილოვკით გადაადგილდებოდა და დღემდე არავინ არ ვიცით ვინ გასცა მასზე ეს დოკუმენტი და რატომ დადიოდა თბილისის ქუჩებში ამ დოკუმენტით. ამიტომ  როდესაც ასეთი პრეცედენტები გაქვს წინ, ცხადია შემდეგ ბატონო ნაცვლიშვილი თავს უფლებას აძლევს გვითხრას, რომ 30 წელი ქვეყანას ემსახურა და მისთვის შეიძლება სხვა წესები არსებობდეს,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ქართულ ოცნებაში" კი განმარტავენ, რომ ლაშა ნაცვლიშვილი პარტიას კონსულტაციას უწევს PR-ის მიმართულებით. რაც შეეხება შემთხვევას, კახა კუჭავას თქმით მოკვლევა დაწყებულია.

„პარტიულ საქმიანობაშია ჩართული ზუსტად არ ვიცი. კონსულტანტი  არის ჩვეულებრივად და დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებაში, რაც უკავშირდება პიარს,“-განაცხადა კახა კუჭავამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები