20 აპრილი 2024,   00:17
ვრცლად
"გაუგონარი ბრალდება, ჭორი" - არასამთავრობოების განცხადებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო პასუხობს

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ არჩევნებისთვის სავარაუდოდ ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვა იგეგმება.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, სოსო გიორგაძემ, ბრიფინგზე მესამე სექტორის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადება გააკრიტიკა და ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა.

„ეს გაუგონარი ბრალდება ეფუძნებოდა ასევე გაუგონარ მათ მიერ გამოგონილ აბსურდულ წინადადებებს და არგუმენტებს, რომელთან დაკავშირებით მინდა განვაცხადო, რომ არა მხოლოდ გაუგონარია, რაზეც საუბრობენ ეს ადამიანები, არამედ თეორიულადაც კი წარმოდგენაა რთული იმის, რასაც ქალბატონი ეკა გიგაური, ბატონი მიშა ბენიძე და ქალბატონი ირმა პავლიაშვილი გვაბრალებენ,“ - განაცხადა გიორგაძემ.

გიორგაძის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე მიმართა შესაბამის უწყებებს, რათა მოკვლევა დაიწყონ.

„მივმართე შესაბამის უწყებებს იმისთვის, რომ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმედი მაქვს, რომ აღნიშნული ადამიანები და ეს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია წარმოადგენს კონკრეტულ ფაქტებს, რაზე დაყრდნობითაც მათ ასეთი ცილისწამება განახორციელეს იმ ორგანიზაციის მიმართ, რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ რეფორმებთან,“ - ამბობს გიორგაძე.

გიორგაძის თქმით, მესამე სექტორის წარმომადგენლების განცხადება თითოეული თანამშრომლისთვის შეურაცხმყოფელია.

„თითოეული ჩვენგანი ვართ შეურაცხყოფილი იმის გამო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჭორების გამო, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს ჩვენს რეპუტაციას და თითოეული ჩვენგანის ღირსებას. გაუგონარია ეს ამბავი იმიტომაც, რომ საქართველოში სულ სამი საბეჭდი ცენტრი არსებობს - ეს არის თბილისი, ქუთაისი და ბათუმი. მათ მიერ ხსენებულ ტერიტორიულ ორგანოებში ბიომეტრიული დოკუმენტები არ იბეჭდება და შესაბამისად, თეორიულადაც გამორიცხულია განცხადების გაკეთება,“ - განაცხადა სოსო გიორგაძემ.

დღის ამბები