18 აპრილი 2024,   18:20
ვრცლად
ნაცემი ბიზნესმენი სოფელ ბაბიში - გელა კვინიკაძე ხარაგაულის პოლიციის უფროს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს

ნაცემი ბიზნესმენი, გელა კვინიკაძე, ხარაგაულის პოლიციის უფროს ფიზიკურ ანგარიშსწორებაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენს პოლიციის მაღალჩინოსანი თავს სოფელ ბაბიში დაესხა. კვინიკაძე, ბიძაშვილთან ერთად, ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც გზა პოლიციის უფროსმა გადაუკეტა და გადაადგილების საშუალების უფლება არ მისცა. ინციდენტი მალევე ჩხუბში გადაიზარდა.

ხარაგაულის პოლიციის უფროსი თავს ადგილობრივ ბიზნესმენს თვითმხილველების თვალწინ დაესხა. ისინი კურიერთან იხსენებენ, რომ პოლიციის უფროსს კვინიკაძეების ცემაში განყოფილებიდან გამოძახებული თანამშრომლები ეხმარებოდნენ და წაქცეულ ადგილობრივებს რეზინის ხელკეტებს ურტყამდნენ.

თვითმხილველებისგან და დაზარალებულებისგან განსხვავებულ ვერსიას ავრცელებს შს სამინისტრო.

პოლიციაში ამტკიცებენ, რომ ადგილობრივი ბიზნესმენი და მისი ახლო ნათესავი არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ და სამართალდამცველებს თავს დაესხნენ. დაზიანებები ორმა მამაკაცმა პოლიციელებთან ჩხუბის დროს მიიღო.

დაზარალებულს ბიზნესი სოფელ ბაბიში აქვს. ის ამბობს, რომ პოლიციელთან დაპირისპირების მიზეზიც მისი სამეწარმეო საქმიანობაა, რადგან შინაგან საქმეთა სამინსიტროს მაღალჩინოსანს მისი ბიზნესის ხელში ჩაგდება სურს.

პროკურატურამ საქმის შესწავლა სამსახურეობრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

 

 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი 

დღის ამბები