23 აპრილი 2024,   11:06
ვრცლად
"შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა" - ივანე მაჭავარიანი

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი, ვალების განულებასთან დაკავშირებით არჩევანის ეთერში საუბრობს.

მინისტრის განცხადებით, შესაძლოა, გაიზარდოს იმ პირთა რიცხვი, ვისაც ვალები გაუნულდება. ის ასევე ამბობს, რომ ვალების განულებასთან ერთად მოსახლეობა ე.წ. შავი სიიდანაც ამოეწერება.

„შავი სია წაიშლება, მაგრამ ბანკი ისე იოლად კრედიტს ვეღარ გასცემს, როგორც ადრე გასცემდა და არა იმიტომ, რომ შავ სიაში ვინმეს ყოფნა ემახსოვრება, არამედ ახალი ე.წ. პასუხისგებლიანი დაკრედიტების მოდელი და წესები, რომელიც ჩვენი ხელისუფლების მიერ არის შემოთავაზებული და ინიცირებული, ზუსტად ის ავალდებულებს ბანკებს და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, რომ ვალის გაცემისას პოტენციური ვალის ამღები, ნახონ აქვს თუ არა საშუალება გადახდის. ამავდროულად გაზომოს, რამდენი შეუძლია, გადაიხადოს და იმის ადეკვატური სესხი მისცეს,“ - განაცხადა მინისტრმა.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ საფინანსო ინსტიტუტებმა უნდა შეისწავლონ სესხის ამღებთა პოტენციალი, შეძლებენ თუ არა მომავალში გადახდას.

მაჭავარიანი ვალების განულებას და ე.წ. შავი სიიდან ამოშლას პოზიტიურად აფასებს. მისი თქმით, ფონდი ქართუს დამსახურებაა, რომ ეს პროექტი განხორციელდება.

მინისტრის თქმით, შეიქმნება ვებგვერდი, სადაც ადამიანს ექნება შესაძლებლობა გაარკვიოს, შეეხო თუ არა მას ვალების განულების პროექტი.

„ჩვენ ვაღიარებთ, რომ იყო არასწორი წესები, ვაღიარებთ, რომ ამ წესების გამო დაზარალდა ეს წესები. ეს წესები, მგონი, გაჩნდა 2007 წლიდან, როდესაც მაშინდელმა ხელისუფლებამ ზედა ზღვარი მოხსნა და პრაქტიკულად, ამან გაუხსნა გზა სრულად უკონტროლო მოვლენას და ჭარბვალიანობამ მიიღო ისე მასშტაბები, რომ რეალურად პოტენცია ჰქონდა, რომ მაკროეკონომიკური საფრთხეც შექმნოდა ქვეყანას. აქ არ იყო მარტო საუბარი, რომ კონკრეტული ადამიანები არიან ცოდო და მათ მდგომარეობაში შევიდეთ, მაკროეკონომიკურადაც კი რისკის შემცველი იყო ეს მომენტი და ეს აისახა ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ერთ-ერთ მიმოხილვამდე,“ - განაცხადა ივანე მაჭარავარიანმა.

მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებას ეხმაურება, რომლებიც ამბობენ, რომ ვალების განულება არჩევნების პერიოდს უკავშირდება და ამომრჩევლის მოსყიდვას შეიძლება ეხებოდეს.

მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ აგვისტოში პრემიერმა მთავრობის სხდომის წინ ე.წ. შავ სიაზე ისაუბრა და დაანონსა, რომ შემოდგომაზე მთავრობა წინადადებას შეთავაზებდა მოსახლეობას.

„ინტენსიური მუშაობა და ფიქრი, თუ როგორ შეიძლებოდა, ეს პრობლემა გადაჭრილიყო, დაიწყო, პრაქტიკულად, ვიტყოდი გაზაფხულიდან და ასევე წინასწარ იყო დაანონსებული შემოდგომა. ეს რომ არჩევნებს უკავშირდებოდეს, პირველ ტურამდეც შეიძლებოდა მოსწრება, თუ მაისიდან ეს პროცესი მიმდინარეობდა,“ - განაცხადა მაჭავარიანმა და აღნიშნა, რომ ამის მიბმა არჩევნებზე „თითიდან გამოწოვილია“.

ივანე მაჭავარიანი ამბობს, რომ მოლაპარაკებები ძირითადად მოთამაშეებთან ამ ეტაპზე დასრულდა და ვალების გასტუმრება დეკემბრიდან დაიწყება.

მინისტრის თქმით, ვივუსთან შეთანხმება ვერ შედგა პირველ ეტაპზე და მაჭავარიანის განცხადებით, ფონდი ქართუ მოლაპარაკებებს აგრძელებს.

მინისტრი ასევე ეხმაურება ერთ-ერთი საფინანსო კომპანიის წერილს, რომელიც კურიერს მისწერეს, სადაც აღნიშნულია, რომ ოცნებამ მიკროსაფინანსო კომპანიებზე ტერორი დაიწყო.

წერილში კომპანიის გენერალური დირექტორი წერს, რომ ისინი შაბათს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დაიბარა, მიზერულ თანხად პრობლემური სესხების ქართუ ბანკისთვის გადაბარება მოსთხოვა, უარის შემთხვევაში კი სანქციებით დაემუქრა. 

მინისტრის თქმით, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ტყუილია.

რაც შეეხება კითხვას, აძლევს თუ არ ის გარანტიას მოსახლეობას, რომ ვალების განულების დაპირება შესრულდება, მიუხედავად იმისა, არჩევნებში ვინ გაიმარჯვებს, ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ "გარანტიის მიცემა არაფერზე არ შეიძლება", თუმცა, დარწმუნებულია, რომ ეს დაპირება შესრულდება.    

დღის ამბები