19 აპრილი 2024,   18:47
ვრცლად
თავს იმართლებს, არავის მოუტყუებია, ეგზიტპოლების გაყალბება მისი გეგმის ნაწილი იყო - ოპოზიცია ივანიშვილის განცხადებებს არაადეკვატურს უწოდებს

ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი მონოლოგი არჩევნების მეორე ტურის წინ - ყოფილი პრემიერი, არჩევნების პირველი ტურის შედეგების გამო, საკუთარ გუნდს და ფსიქოპროექტს აკრიტიკებს.

„ქართული ოცნების“ ლიდერი ამბობს, რომ ხალხი მმართველ გუნდზე გაბრაზებული არ არის და მხოლოდ ნაწყენია.

ივანიშვილი გაბრაზებულია, რადგან მმართველი პარტიის შეკვეთილმა ფსიქოპროექტმა ის შეცდომაში შეიყვანა და არჩევნების რეალური შედეგების ნაცვლად, სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტობა ყალბი მონაცემების საფუძველზე მიალოცინა.

ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს ასევე, რომ გუნდის წევრებთან პირველი ტურის შემდეგ მძიმე საუბარი ჰქონდა.

ივანიშვილის ამ განცხადებას უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ ყოფილი პრემიერი თავს იმართლებს და ის არავის მოუტყუებია.

„ის არავის მოუტყუებია, ეს მისი გეგმის ნაწილი იყო - გაყალბებული ეგზიტპოლები, გაყალბებული კვლევა, ერთის მხრივ რომ ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის, რომ თითქოს მხარდაჭერით სარგებლობენ და მეორეს მხრივა ადგილებზე გაეყალბებინათ, ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში, რადგან ქართველმა ხალხმა გაერთიანებულმა ოპოზიციამ ერთად  პირველ ტურში დაიცვა ხმები და ვერ მიიღეს გაყალბებით ის შედეგები, რასაც ელოდებოდნენ. შესაბამისად ახლა ხდება გადაბრალება,“-ამბობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზურაბ მელიქიშვილი.

არაადექვატურს უწოდებს ბიძინა ივანიშვილის დასკვნებსა და შეფასებებს „ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირაკლი აბესაძე.

მისი თქმით, ივანიშვილი ცდილობ მკვლევარებსა და გუნდს გადააბრალოს ის მძიმე შედეგები რაც ქვეყანაშია.

„პირველ რიგში თავად არის აცდენილი რეალობას, როდესაც მძიმე სოციალურ მდგომაროებაში მყოფ მოსახლეობას მოუწოდებდა, გამოერთოთ "რუსთავი 2" და ქვეყანაში მიმდინარე აღმშენებლობას დაინახავდნენ. მოსახლეობის პასუხი უნდა იყოს ერთადერთი, იმ მრავალწლიანი ტყუილების, გაღარიბებული მოსახლეობის და გამდიდრებული ჩინოვნიკების ფონზე, რა თქმა უნდა ივანიშვილის კანდიდატი უნდა დამარცხდეს,“-ამბობს ირაკლი აბესაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები