23 აპრილი 2024,   21:42
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიცია ზუგდიდში გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს

გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდში გადასატანი ყუთის მეშვეობით გაყალბების მცდელობაზე საუბრობს. ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ანა წითლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გადასატანი ყუთის სიაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ჩაწერეს, რომლებიც ჯანმრთელები არიან და თვითონაც შეუძლიათ გადაადგილება.

„ნომერ მე-16 საარჩევნო უბანში ეს არის ძალიან საინტერესო, რომ უკვე 12 ადამიანს აქვს შეტანილი განცხადება და 12 შეტანილი განცხადებიდან უმრავლესობა არ არის ავადმყოფი, მაგალითად ესენი არიან ასევე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები. ამ ადამიანებს გარდა იმისა, რომ ამ გადასატან ყუთს არჩევნების დღეს მიუტანენ სახლში, აი ეს ადამიანები შემდეგ მოდიან ისევ საარჩევნო უბანზე და ისევ აძლევენ ხმას. ანუ რეალურად ეს არის გაყალბების ერთ-ერთი მექანიზმი,“ - განაცხადა ანა წითლიძემ.

ბრალდებებს პასუხობს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. მირანდა მესხის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისია ეტაპობრივად ამოწმებს იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ითხოვენ გადასატანი ყუთის მომსახურეობას, ნამდვილად აქვთ თუ არა მათ ჯანმრთელობის პრობლემები.

„ნებისმიერ პირს შეუძლია მომართოს გადასატანი ყუთის მომსახურებაზე საუბნო საარჩევნო კომისიებს. ეტაპობრივად საუბნო საარჩევნო კომისიები ამოწმებენ ამ ადამიანების მდგომარეობას, ნამდვილად ჯანმრთელობის მდგომარეობის  გამო არ შეუძლიათ მათ, გადასატანი ყუთის მომსახურეობას ამის გამო ითხოვენ თუ არა. შესაბამისად მერე საუბნო საარჩევნო კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას. ჯერ კიდევ მიმდინარეობს გადამოწმების პროცედურა, გადასატანი ყუთის სიები არ შემდგარა,“ - აცხადებს მირანდა მესხი.

დღის ამბები