19 აპრილი 2024,   14:29
ვრცლად
„გვკითხეს გვაქვს თუ არა სურვილი, რომ დავასახელეთ წყარო, რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ რომ ეს არ გვევალება" -ეკა გიგაურმა პროკურატურა დატოვა

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მთავარი პროკურატურა დატოვეს. ისინი სამართალდამცავებს რამდენიმე საათის განმავლობაში აწვდიდნენ ინფორმაციას პირადობის ყალბი მოწმობების ბეჭდვის და არჩევნების ტოტალური გაყალბების გეგმის შესახებ.

მესამე სექტორის წევრები აცახდებენ, რომ მათ სამართალდამცველებს გააცნეს კონკრეტული ფაქტები და სავარაუდო დამნაშავეები კი სამართალდამცველებმა უნდა გამოიკვლიონ. ისინი უარს აცხადებენ დაასახელონ წყარო, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ყალბი პირადობის მოწმობების დამზადებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა.

„გვკითხეს გვაქვს თუ არა სურვილი, რომ დავასახელეთ წყარო,  რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ რომ კანონის შესაბამისად, ჩვენ ეს არ გვევალება და შესაბამისად წყაროც არ დაგვისახელებია. ასევე მათ აინტერესებდათ  რა გარემოებებში მივიღეთ ეს ინფორმაცია და გადავამოწმეთ თუ არა ამ ინფორმაციის ნაწილი მაინც. რაზეც ჩვენ ვუპასუხეთ, რომ კი, ჩვენ ნაწილი გადავამოწმეთ. ჩვენ დავასახელეთ  კონკრეტული ადამიანები, დავასახელეთ ადგილი სადაც ჩატარდა ეს თათბირი, ვინ ესწრებოდა ამ თათბირს და ა.შ. გადამოწმებაში ვგულისხმობთ ეს ადამიანები მუშაობენ თუ არა ადგილებზე და მივლინებულები იყვნენ თუ არა სხვაგან და მათ მოვალეობას ასრულებენ თუ არა სხვა პირები. ეს ყველაფერი ჩვენს მიერ იქნა გადამოწმებული,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

სამი ყველაზე გავლენიანი და ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელები დაკითხვაზე მათ მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ დაიბარეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა თქმით, არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ინფორმაცია პირადობის ყალბი მოწმობების ბეჭდვის შესახებ, რომელსაც ხელისუფლება სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გამოიყენებს. 

დღის ამბები