19 აპრილი 2024,   20:09
ვრცლად
სარდაფში ჩაყვანის და ცემის მუქარა - გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს ბოლნისში ფიზიკურად გაუსწორდნენ

გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს ბოლნისში ფიზიკურად გაუსწორდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებს თავს „ქართული ოცნების“ საკრებულოს დეპუტატი და მეოცე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე იმ დროს დაესხნენ, როდესაც გრიგოლ ვაშაძის ფლაერებს არიგებდნენ. 

ჩანაწერში ისმის, რომ „ოცნების“ ადგილობრივი ლიდერი ოპოზიციური პარტიის აქტივისტს სარდაფში ჩაყვანით და ცემით ემუქრებოდნენ. 

ფახრადინ სარიევი, რომელიც ოპოზიციის აქტივისტებს სარდაფში ძალადობით ემუქრება, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია. სარიევი ადგილობრივ დეპუტატთან ერთად, ოპოზიციის წარმომადგენლებს მთელი დღის განმავლობაში ავტომობილით დაყვებოდა და უთვალთვალებდა. მოგვიანებით კი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა.

"ოცნების" აქტივისტები ბოლნისში გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთ ადგილობრივ ლიდერს და საკრებულოს წევრსაც დაუპირისპირდნენ. სამირა ისმაილოვამ ოპოზიციის აქტივისტზე მომხდარ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე განმარტებები დაპირისპირების მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მოითხოვა, რა დროსაც შეურაცხყოფა მიაყენეს.

რატომ უთვალთვალებენ ბოლნისის სოფლებში ოპოზიციის აქტივისტებს, აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას და გადაადგილებაში ხელს უშლიან, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „კურიერის“ გადამღები ჯგუფი სოფელ ძველქვეშში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან იმ დროს მივიდა, როდესაც ოპოზიციას თავდასხმის შემდეგ საქეიფოდ შეიკრიბნენ. ვიდეოკადრების არსებობის მიუხედავად, ხელისუფლების წარმომადგენლები ინციდენტებში მონაწილეობას უარყოფენ და ოპოზიციის აქტივისტებს პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებენ.

ჯერჯერობით უცნობია, დაკითხა თუ არა პოლიციამ ინციდენტში მონაწილე ყველა პირი, რომელთა შორის ოპოზიციის აქტივისტების ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების არაერთი წარმომადგენელია.

დღის ამბები