19 აგვისტო 2019,   21:23
ვრცლად
არჩევნების შესაძლო გაყალბება - იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას არ გამორიცხავს

„თუ დადასტურდება ბატონი ივანიშვილის ბანკის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვა და არჩევნების გაყალბების მიზნით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ევროკავშირი და ევროპარლამენტი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს,“- ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან, იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმკურიერთან“ საუბრისას განაცხადა.

ევროდეპუტატი ყალბი პირადობის მოწმობების დამზადების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, თუკი დადასტურდება ის ფაქტები, რაზეც დამკვირვებლები და არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ, ეს საქართველოსთვის ზიანის მომტანი იქნება.

იაცეკ სარიუშ-ვოლსკი არჩევნების გაყალბების მიზნით, სხვადასხვა დარღვევისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტების ნამდვილობის შემთხვევაში, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებასაც არ გამორიცხავს.

„საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა დასვეს შეკითხვა მომავალ კვირას დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების თაობაზე. სანდო წყაროდან, ერთ-ერთი კანდიდატისგან, ბატონი ვაშაძისგან გვაქვს ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის მიმდინარეობს ყალბი ID ბარათების დამზადება, ინფორმაცია მოძიებულია წყაროდან, რომელიც სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენელია და როგორც იცით, ევროკავშირის კანონმდებლობის თანახმად, მამხილებლების ვინაობა მკაცრად დაცულია. მას არ დავასახელებთ, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ინფორმაცია ძალიან სერიოზულია და საგანგაშო. თუ ეს დადასტურდება, ამასთან ერთად, თუ დადასტურდება ბატონი ივანიშვილის ბანკის მიერ ამომრჩევლების მოსყიდვა და არჩევნების გაყალბების მიზნით, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ევროკავშირი და ევროპარლამენტი იძულებული იქნება, რეაგირება მოახდინოს. რადგან ეს ფაქტები წარმოადგენს ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას და ეწინააღმდეგება ასოცირების შეთანხმებას. ამის შედეგი კი შესაძლებელია, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება გახდეს,“- განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები