25 აპრილი 2024,   12:40
ვრცლად
ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის საქმე - საგამოძიებო უწყებაში მთელი დღეა დაკითხვები გრძელდება

ამომრჩევლის მოსყიდვისა და ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის საქმეები გამოძიების საგანი გახდა. საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათი გაგრძელდა ყველაზე ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების გამოკითხვა. სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კი ამ დრომდე პროკურატურაშია. 

სოსო გიორგაძე ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც მესამე სექტორის წარმომადგენლებმა ამ პროცესის მონაწილედ დაასახელეს. ითქვა, რომ საგანგებო თათბირზე სწორედ მას დაევალა ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვის მეთვალყურეობა.

სახელმწიფო სერვისების სააგენტოს თავმჯდომარის თქმით, ის პროკურატურას დაარწმუნებს, რომ სამოქალაქო სექტორი ცრუობს. პირველი არგუმენტის მიხედვით, ის 5-დან 10 ნოემბრამდე ჯაკარტაში იმყოფებოდა და შესაბამისად თათბირს თანამშრომლებს ვერ ჩაუტარებდა.

გამოკითხვაზე ის მთავარ პროკურატურაში საღამოს 5 საათზე მივიდა. ამბობს, რომ ყველა არგუმენტი აქვს იმის საპირწონედ რათა დაამტკიცოს, რომ სააგენტოში ყალბი დოკუმენტაცია არ დაუმზადებიათ.

სააგენტოს ხელმძღვანელსა და მის თანამშრომლებს, წინა საარჩევნოდ ყალბი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის დამზადებაში ბრალი მათმა თანამშრომელმა დასდო.

წყაროს ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა სამ ყველაზე გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციას მოუყვა, რომ სახელმწიფო სერვისების მართვის სააგენტოში ჩატარდა საგანგებო თათბირი, სადაც თანამშრომელთა ნაწილს ყალბი დოკუმენტაციის დამზადება დაევალა.

სოსო გიორგაძე, რომელსაც ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვაში ადანაშაულებენ, 2012 წლამდე ქართული პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთ ყველაზე პრორუსული პოლიტიკური პარტიის ლიდერი იყო.

პრორუსული პოლიტიკური პარტიის ლიდერობამდე, რომელიც მოსკოვიდან ფინანსდებოდა, სოსო გიორგაძე, სტუდენტური მოძრაობის აქტივისტი და კობა დავითაშვილის "ხალხის პარტიის" ახალგაზრდული ფრთის ლიდერი იყო. 

ამომრჩევლის მოსყიდვისა და ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის საქმესთან დაკავშირებით, დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება პროკურატურაში. 

დღის ამბები