23 აპრილი 2024,   15:48
ვრცლად
ონში, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი საკუთარ სახლთან დაჭრეს - ოპოზიცია თავდასხმაში "ქართული ოცნების" აქტივისტებს ადანაშაულებს

თავდასხმა ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელზე - ნოდარ ბურდილაძის ჯანმრთელობის მდგომაროება ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.  ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებს ამ წუთებში თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაჰყავთ. 

ნოდარ ბურდილაძე საკუთარ სახლთან გვიან ღამით დაჭრეს. ბურდილაძე სახლიდან გვიან ღამით გამოიყვანეს, ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ცივი იარაღით ორი ჭრილობა მიაყენეს.

გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ორივე თავდამსხმელი „ქართული ოცნების“ აქტივისტია და ბურდილაძეს თავს პოლიტიკური საქმიანობის გამო დაესხნენ. კახა ისაკაძე და გია მეტრეველი ადგილიდან მიიმალნენ. ბურდილაძის ეზოში სისხლის კვალი ჯერ კიდევ არის.

ბურდილაძემ საავადმყოფოში მისვლა თვითონ სცადა, თუმცა გზაში გონება დაკარგა და მანქანით რკინის ჯებირს შეეჯახა. კლინიკაში მისულს კი სამედიცინო დახმარება დაგვიანებით აღმოუჩინეს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში ამტკიცებენ, რომ პაციენტის თერჯოლაში საოპერაციოდ გადაყვანა დააგვიანეს, რადგან მედპერსონალი ონის მერის, რომელიც შს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის მამაა, მითითებას ელოდა.

ონის საარჩევნო შტაბის დაჭრილი ხელმძღვანელის მოსანახულებლად ადგილზე გრიგოლ ვაშაძე ჩავიდა. მისი თქმით, ხელისუფლება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების მოსაპოვებლად "ქართული ოცნება" ყველაფერზე მიდის.

ბურდილაძის დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო მეორე თავდამსხმელსა და პოლიტიკურ მოტივზე არ საუბრობს. გახარიას უწყებაში აცხადებენ, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ორ პირს შორის შელაპარაკება მოხდა.

დაკავებულ თავდამსხმელთან კავშირი უკვე უარყვეს „ქართულ ოცნებაში“, სახელისუფლებო გუნდში განმარტავენ, რომ კახა ისაკაძე მათი აქტივისტი არ არის.

გაერთიანებული ოპოზიცია კი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის არასწორად გამოძიებაში ადანაშაულებს და მეორე თავდამსხმელის დაკავებას ითხოვს.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები