20 აპრილი 2024,   03:29
ვრცლად
ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის საქმე - იუსტიციის მინისტრი და წალენჯიხის იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი კითხვებს არ პასუხობენ

ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო ბეჭდვა - წალენჯიხის იუსტიციის სახლის ხელმძღვანელი, არკადი ფიფია, რომელიც გლდანში მიავლინეს, დეტალებზე საუბარს თავს არიდებს. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, ერთ-ერთი ადგილი, სადაც ყალბი დოკუმენტაცია დაიბეჭდა, სწორედ წალენჯიხის იუსტიციის სახლია.  

ოფიციალური ინფორმაციით, ფიფია წალენჯიხიდან გლდანში სასწავლებლად მიავლინეს - 2019 წელს დაგეგმილი სასწავლო ცენტრის სპეციფიკის შესასწავლად. ანონიმური წყაროს მტკიცებით, ის არჩვენების მეორე ტურის წინ თავიდან მოიშორეს, რადგან ის ყალბი დოკუმენტაციების დაბეჭდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო.

არკადი ფიფიას არ იცნობენ განათლების მისაღებად მივლენილ გლდანის ფილიალში. საზოგადოებრივ ცენტრში შეკითხვებისთვის რომ არ ეპასუხათ, „კურიერის“ ჟურნალისტს კერძო საკუთრების დარღვევის მოტივით, შენობა დაატოვებინეს.

იუსტიციის მინისტრი დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების იმ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომელიც ყალბი პირადობის მოწმობების დაბეჭდვას ეხებოდა. თეა წულუკიანის თქმით, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ცრუობენ.

იუსტიციის სახლის წალენჯიხის ფილიალის ხელმძღვანელის თბილისში სასწავლებლად მივლინების შემდეგ, მოვალეობის შემსრულებლად ადგილზე მაია ჯოლოხავა დაინიშნა. „კურიერის“ ინფორმაციით, ის „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირია, მისი მეუღლე კი მუნიციპალიტეტის დეპუტატის, გოგა გულორდავას გარემოცვის წევრია. გულორდავა და მისი გარემოცვა, მედიის ყურადღების ცენტრში რამდენიმე კვირის წინ მოექცა, როდესაც დეპუტატის მამა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა.

სახელმწიფო სერვისების სამსახურის ხელმძღვანელი იოსებ გიორგაძე ჯერ კიდევ გუშინ ამბობდა, რომ 5-დან 10 ნოემბრამდე მას არანაირი თათბირი არ ჩაუტარებია, ის საქართველოში არ იყო და არც ცენტრალური საარჩევნო კომისიას არ გადასცემია 3500-ზე მეტი ახალი მონაცემი, თუმცა საპირისპირო წერია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა ახალ სიაში, სადაც პირველიდან მეორე ტურამდე ამომრჩეველთა რაოდენობა 9781-ით გაიზარდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები