19 აგვისტო 2019,   21:30
ვრცლად
ოპოზიციის პროტესტი და ჩაშლის საფრთხის წინაშე მდგარი საკრებულოს სხდომა - მმართველმა გუნდმა დეპუტატების მობილიზება ნახევარი საათის შემდეგ შეძლო 

4 საათზე ჩანიშნული სხდომა თბილისის საკრებულოში ნახევარ საათიანი დაგვიანებით დაიწყო. უმრავლესობამ დეპუტატების მობილიზება ვერ შეძლო. საკრებულოს სხდომისთვის დღეს „ქართლი ოცნების“ 40 დეპუტატიდან მხოლოდ 24-მა მოიცალა. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად რეგისტრაცია არ გაიარა, რის გამოც სხდომა ჩაშლის საფრთხის წინაშე დადგა.

მას შემდეგ, რაც კვორუმი ვერ შედგა, უმრავლესობის წევრებმა თანაგუნდელების სასწრაფო მობილიზება დაიწყეს, ურეკავდნენ ყველა დეპუტატს და საკრებულოს შენობაში მისვლას სთხოვდნენ. ფრაქცია „ქართული ოცნება“ დღეს თავს იმართლებდა და ამბობდა, რომ დეპუტატები სხდომას მოსახლეობასთან ჩანიშნული შეხვედრების გამო აცდენდნენ.

ოპოზიციის პროტესტის მიზეზი კი დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი გახდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ამბობენ, რომ სამარცხვინოა, როდესაც მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების კვებაზე დღეში ისევ ერთ ლარსა და 19 თეთრს დახარჯავს.

სოციალურად დაბალი ფენის და პენსიონერების ვაუჩერიზაციის ინიციატივას ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სიბრიყვე უწოდა. ირაკლი ზარქუამ ასევე არ მოიწონა სტუდენტებისთვის უფასო მგზავრობის იდეაც. 

ოპოზიციის სხვა შენიშვნებთან დაკავშირებით კი თქვა, რომ უმრავლესობამ ამ პრობლემებზე საუბარი ოპოზიციას ერთი დღით დაასწრო.

დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი რეკომენდაციებით უკვე გადაეგზავნა თბილისის მერიას. ოპონენტებისა და თანაგუნდელების შენიშვნების გასათვალისწინებლად, კალაძეს ვადა 10 დეკემბრამდე აქვს.

დღის ამბები