22 აგვისტო 2019,   23:26
ვრცლად
გავაფრთხილებდი პოლიტიკურ ძალებს, ყველაფერს ნუ ჩაყრიან პოლიტიკურ ცეცხლში - ევროდეპუტატები "ქართული ოცნებისგან" პასუხებს ითხოვენ

საარჩევნოდ ყალბი პირადობის მოწმობების ბეჭდვის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მწვავე თემაა, რომელზეც გავლენიანი პოლიტიკოსები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან კონკრეტულ პასუხს ითხოვენ. საგარეო საქმეთა კომიტეტში ქვეყნის პირველი დიპლომატის გამოსვლამ და განმარტებებმა ევროდეპუტატების ნაწილი ვერ დაარწმუნა, რომ საქართველოს ხელისუფლება არჩევნების შედეგებზე გავლენის მოსახდენად არ ემზადება.

კვლავ დღის წესრიგშია კიდევ ერთი მწვავე საკითხი - პრემიერის მიერ დაანონსებული კრედიტების განულების თემა, რომელსაც ბრიუსელში პირდაპირ პოლიტიკას უკავშირებენ. ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მმართველმა გუნდმა ყველა შეკითხვაზე მკაფიო პასუხი უნდა გასცეს. ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღი - 28 ნოემბერი, ოთხშაბათი დღე.  

ევროდეპუტატები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს აქტიურად აკვირდებიან.

„ევროპარლამენტის მხრიდან წამოვწიეთ ზოგიერთი საკითხი. რა თქმა უნდა, საარჩევნო კამპანია ჩვენთვის მთავარი ღელვის საგანია. ცოტა გაგვაკვირვა არჩევნების მეორე ტურის თარიღმა. ის უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ საარჩევნო კანონს. ბევრმა ჩვენგანმა წამოწია საბანკო სესხების ჩამოწერის საკითხი. 600 ათასი ძალიან დიდი რიცხვია. არ ვართ ახლადმოსული ხალხი პოლიტიკაში. ვიცით როგორაა ურთიერთკავშირში კერძო სექტორი, სახელმწიფო სექტორი და პოლიტიკა. უნდა ვაღიარო, ამას ვერ მოგვაყიდიან. განცხადება პრემიერის მხრიდან გაკეთდა და ეს უკვე პოლიტიკურია. უნდა გააკეთოს კომენტარი პრემიერმინისტრმა კერძო კომპანიების გადაწყვეტილებებზე? არა.

"გადაწყვეტილების გამოცხადების დროც რომ ავიღოთ, ალბათ, არც ის ჩამოვარდნილა ციდან. სამწუხაროდ, ეს უკვე კამპანიის ნაწილი გახდა და მაღელვებს, რომ შეიძლება გავლენა მოახდინოს ხალხის აზრზე. ხალხი საკუთარი ჯიბიდან გამომდინარე ფიქრობს. ამიტომ ვხედავთ სამწუხარო რისკს, რომ შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს პოლიტიკურ კამპანიაზე, რომელიც თავისუფალი უნდა იყოს ნებისმიერი სახის გავლენისგან, მათ შორის მთავრობის გავლენისგანაც.

„როდესაც არასამთავრობოები ან კონკრეტული ადამიანები გამოდიან ასეთი ძლიერი არგუმენტებით ყალბი მოწმობების დაბეჭდვის შესახებ, პირველ რიგში ეს არის მონაცემების დარღვევა და უამრავ კითხვის ნიშანს სვამს ვიზალიბერალიზაციის შეთანხმებაზე. მოსახლეობისა და მოქალაქეების რეგისტრაცია ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და პირობა იყო თქვენი ქვეყნისთვის. ამ საკითხების წამოწევით საქართველო მოექცა ევროკომისიის ლუპის ქვეშ. აღვნიშნე კიდეც, რომ მე არ მაქვს მტკიცებულება, მაგრამ ეს არის სერიოზული ბრალდება და უნდა დამტკიცდეს რეალური ფაქტებით და არგუმენტებით. გავაფრთხილებდი პოლიტიკურ ძალებს და ინდივიდუალურ პირებს, რომ ყველაფერს ნუ ჩაყრიან პოლიტიკურ ცეცხლში, რადგან საქმე ეხება საქართველოს სახეს. ის დატოვებს თავის ნიშანს არჩევნების შემდეგ,“- განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩუსმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები