25 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
ზუგდიდში გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი დაჭრეს

სროლა და დაპირისპირება "ქართული ოცნების" აფხაზეთის მიმართულების ოფისთან ზუგდიდში - დაჭრილია გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი. ბაკურ გულუას გვიან ღამით ესროლეს. "კურიერის" ინფორმაციით, გულუა მიმავალი მანქანიდან ჩაცხრილეს, თავდამსხმელი კი ადგილიდან მიიმალა. გულუას ცეცხლნასროლი ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული. გარემოს დაცვის ინსპექციის ყოფილი უფროსი შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში უცხო პირმა მიიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მას გვიან ღამით გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ბაკურ გულუა 2012 წლამდე სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის - თენგიზ გუნავას მოადგილე იყო, 2013 წელს იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა, შემდეგ კი გარემოს დაცვის ინსპექციაში გადავიდა სამუშაოდ.

დღის ამბები