25 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
რუსეთ-საქართველოს ომი - ოთხი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას განმარტებებს და ჰააგაში მუშაობის გააქტიურებას სთხოვს

2008 წლის ომთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებაზე, განცხადებას ავრცელებს საქართველოს კოალიცია “სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსათვის.”

4 ხელმომწერი ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაააქტიურონ მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლებთან, მიმდინარე გამოძიების პროცესთან დაკავშირებით.

„განცხადებებმა შეიძლება დამაზიანებელი ეფექტი იქონიონ უშუალოდ დაზარალებულებზე, ანუ მათში გამოიწვიოს გაურკვევლობა და შემდგომში ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ნაწარმოებ გამოძიებაში მათ თანამშრომლობას. აქედან გამომდინარე ვთვლით, რომ იქნებიან ეს ხელისუფლების წარმომადგენლები თუ სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, მათ თავი უნდა შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისაგან,“-ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, ნინო ჯომარიძე.

ასევე მათი მოთხოვნაა, ხელისუფლებამ განმარტოს, რამ გამოიწვია 2015 წელს ადგილობრივ დონეზე გამოძიების შეწყვეტა. არასამთავრობოების შეფასებით მნიშნველოვანია გატარდეს ყველა აუცილებელი ღონისძიება, რათა რუსეთის მხრიდან ჩადენილი ქმედებები არ დარჩეს გამოუძიებელი და დაუსჯელი.

კოალიცია ხელისუფლების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც მოუწოდებს თავი შეიკავონ სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ნაწარმოები გამოძიების, ასევე, მიმდინარე პროცესების თაობაზე გადაუმოწმებელი და არაზუსტი განცხადებების გაკეთებისა და საკითხის პოლიტიზირებისგან.

„ადრესატები ამ მოწოდების არის საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. გვინდა მოვისმინოთ ის არგუმენტები, თუ რატომ გახდა საჭირო 2015 წელს წერილით მიმართვა სასამართლოსთვის, რომ თვითონ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაეწყო გამოძიება ომის დანაშაულებთან დაკავშირებით,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის ”კონსტიტუციის 42-ე მუხლი” აღმასრულებელი დირექტორი, ნათია კაციტაძე.

დღის ამბები