20 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
იქნება უფრო სერიოზული დარღვევები - ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ოპოზიციაში აფასებენ

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის, რასა იუკნევიჩიენეს ხმაურიან განცხადებებს ოპოზიციაში აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს შექმნილი გარემო, როდესაც იკვეთება ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტები და მათზე ზეწოლა ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია.  

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის თავმჯდომარე, გიგი წერეთელი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით იზიარებს. გიგი წერეთელი ამბობს, რომ ბევრ საერთაშორისო პარტნიორთან უწევს კომუნიკაცია და უჭირს ახსნას, რატომ ხდება თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაციებზე თავდასხმა.

„ეს ყველა მცდელობა დღეს, ჩემი აზრით, ადმინისტრაციული რესურსის ძალიან მკაფიო გამოყენების ძალიან ნეგატიურ სურათს ქმნის. ეს ძალადობა რაც არის და დაჭრის ფაქტები, თავდასხმა არასამთავრობო სექტორზე, მედიაზე და ახლა ბოლო ფაქტორი, როდესაც ვალების დაფარვაზეა საუბარი, მე მიხდება ძალიან ბევრ საერთაშორისო პარტნიორთან საუბარი და ძნელია კითხვებზე პასუხის გაცემა, ამის ახსნა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ, ძალიან სამწუხაროდ, მცდელობა იმისა, რომ რაც შეიძლება ყველაფერი იქნეს გამოყენებული არჩევნების სასურველი შედეგით დასამთავრებლად,“ - განაცხადა წერეთელმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებებს ასევე ეხმაურება პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი. დეპუტატის შეფასებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დასავლეთის შეფასებები ახლა ყველაზე მწვავეა.

სამადაშვილის თქმით, ხელისუფლება მეორე ტურისთვის გაცილებით მეტ დარღვევას ჩაიდენს.

„ხელისუფლება ვერ გაუძლებს ცდუნებას და მეორე ტურთან დაკავშირებით იქნება კიდევ უფრო სერიოზული დარღვევები არჩევნებთან დაკავშირებით. ეს საბოლოოდ, საფრთხეს შეუქმნის სწორედ დასავლეთში ქვეყნის ინტეგრაციას და შედის მხოლოდ რუსეთის ინტერესებში. რეალურად, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ დასავლეთი უკვე ძალიან მწვავე შეფასებებს აკეთებს. გასული 6 წლის მანძილზე ასეთი მწვავე შეფასებები არ გაკეთებულა,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილი.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა, „ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს მმართველი გუნდი, ძალიან არაპროპორციულად, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებს.

მისთვის ასევე მიუღებელია საბანკო დავალიანებების დაფარვის გადაწვეტილება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამომრჩევლის მოქრთამვად აფასებს.

დღის ამბები