04 აპრილი 2020,   19:13
ვრცლად
"არჩევნები, რომელიც გველოდება წინ, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით" - პრემიერმინისტრი

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილი პრეზიდენტის ხმაურიან განცხადებას ეხმაურება, სადაც რასა იუკნევიჩიენეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოკვეთილ დარღვევებზე ისაუბრა.

პრემიერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება უმაღლესი სტანდარტების დაცვით ატარებს არჩევნებს.

„არჩევნები, რომელიც გველოდება წინ, ჩატარდება უმაღლესი სტანდარტების დაცვით... რამდენიმე დღის უკან მე დავბრუნდი ბრიუსელიდან და ეს არის ყველაზე, მე ვფიქრობ, სწორი გზავნილი, თუ რა წარმატებები აქვს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის თვალსაზრისით. საქართველო აღიარეს ყველაზე წარმატებულ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში," - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი კრიტიკული განცხადებების გამო ოპოზიციას აკრიტიკებს და ამბობს, რომ მათი შეფასებები ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო დონეზე აზიანებს.

„ჩემი მოსაზრებით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე და რა თქმა უნდა, საქართველოს ეროვნულ ინტერესებში უპირველეს ყოვლისა შედის ჩვენი ინტეგრაცია ევროკავშირში და ჩვენი ინტეგრაცია ნატო-ში, აქ კითხვის ნიშანს ვინც სვამს, მე ამ შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსები მყავს მხედველობაში, ისინი უკეთებენ თავიანთ სამშობლოს ყველაზე ცუდ საქმეს, რაც კი შეუძლიათ გააკეთონ, ასეთი უპასუხისმგებლო შეფასებებით,“ - განაცხადა პრემიერმა.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოფილმა პრეზიდენტმა ამერიკის ხმის ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში განაცხადა, რომ წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს მმართველი გუნდი, ძალიან არაპროპორციულად, მხოლოდ ერთი კანდიდატის სასარგებლოდ იყენებს.

მისთვის ასევე მიუღებელია საბანკო დავალიანებების დაფარვის გადაწვეტილება, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა ამომრჩევლის მოქრთამვად აფასებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები